"იმედის" მთავარ საინფორმაციოს ჯულიეტა ვაშაყმაძე და დავით სოკოლოვი გაუძღვებიან
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია "იმედზე" ჩატარებული საკადრო ცვლილებების შემდეგ ხელმძღვანელობამ საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: "ქრონიკის" მთავარ გამოშვებას დღის ბოლოს, სავარაუდოდ, 20.00 საათზე ლეგენდარული ტელესახეები: ჯულიეტა ვაშაყმაძე და დავით სოკოლოვი გაუძღვებიან.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფართო განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში. ჯულიეტა ვაშაყმაძისა და დავით სოკოლოვის შესაძლო დაბრუნებას ქართულ ტელესივრცეში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
თავად ტელეკომპანია "იმედში" ვაშაყმაძისა და სოკოლოვის მოწვევის ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. "იმედში" დარჩენილი ჟურნალისტების თქმით, კონკრეტულად არაფერი იციან იმის შესახებ, თუ ვინ იქნება საინფორმაცი გამოშვების წამყვანი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" ახალმა ხელმძღვანელობამ 36 ჟურნალისტი და ოპერატორი, ძირითადად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა შორის მოხვდნენ ნოდარ მელაძე, ქეთი სონღულაშვილი, სალომე არშბა, ეკა ქარდავა და სხვები.
კომენტარი