სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილის ვიზიტი ნიდერლანდებში

დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს და სენატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს, ანუშკა ვან მილტენბურგს და სენატის ვიცე-პრეზიდენტ, ჰანს ფრანკენს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველოსთვის ნიდერლანდების სამეფოს გამოცდილების გაზიარება და გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ანუშკა ვან მილტენბურგმა კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ევროპულ კურსს მხარს სრულად უჭერს. ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც მიულოცა. მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულების რატიფიცირებას ნიდერლანდების სამეფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში მოახდენს. საუბარი შეეხო ლიბერალიზაციის საკითხებსაც.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანუშკა ვან მილტენბურგს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების პროექტსაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარემ NATO-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრეს. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, უელსის სამიტზე მიღებული ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მაქსიმალურად განახორციელოს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამ მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებსაც შეეხო.

შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულო სადილი, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებთან ერთად, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) პრეზიდენტი სან ჰუნ სონგი, ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პრეზიდენტი თეოდორ მერონი, ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის აპარატის (Eurojust) აღმასრულებელი დირექტორი კლაუს რაკვიტცი და ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს (Europol) მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოლდრიხ მარტინუ დაესწრებიან.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ადგილობრივ პრესის -,,NRC Handelsblad“ და ,,Trouw“ - ჟურნალისტებს: ჰუბერტ სმიტს და ანე ჩადრონს საგაზეთო ინტერვიუ მისცა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100