ღალატის გადამეტება
ბოლო წლებია ქალაქის გული სამიტინგე არენად გადაიქცა! ოპოზიციონერი, მითუფრო ქართველად დაბადებული, რის ოპოზიციონერია, თუ დამარცხებას შეეგუა და სხვა საქმეს შეუდგა, გარდა იმ რაღაცისა, რაშიაც თავზე გამარჯვებულის გვირგვინის დადგმა განუზრახვს. ეს ”რაღაცა” კი პოლიტიკაა! სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ ჩვენი დედაქალაქის გული ჟამითი-ჟამად სიბინძურის კერად იქცევა ხოლმე და გვარიანადაც მოოხრდება! თუ…თუ არ ვაზვიადებ, და ზვიადიდან მოყოლებული ასე რომაა კი ყველა დამეთანხმება ალბათ, ადრე ასატანი იყო, მიტინგიც ახალხილობდა… ბოლოს კი საკნებიც დაემატა და ათასი უბედურება! ისე მომბეზრდა, რომ ვეღარ ამოვიგდე თავიდან და გაზაფხულის დადგომის მეშინია, მითუფრო, რომ ბავშვები იმ გადაკეტილი გზებით უნდა ვატარო სკოლაში…
ამასწინათ ვკითხულობდი და რუსთაველის პროსპექტის და კოსტავას ქუჩის ამგვარი ყოფა გამახსენა ერთმა ადგილმა ისტორიული თხზულებიდან – ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი”:რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათ-ვე პირველთა საქმეთა-ებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა.
არ დამეთანხმებით და სამაგიეროდ მე დაგეთანხმებით, რომ მომიტინგეები მთლად სელჯუკიანებივით ვერ აოხრებენ იქაურობას და მჴეცნიც არ ჩანან, მაგრამ სეზონურობის პრინციპი დაცულია და მხეცთა წილ ადამიანები მხეცდებიან. ერთი მაჩვენებელიღა დარჩა: მასშტაბურობა და ეგაც ნაზღაურდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად საქართველო ზიანდება და მისი საერთაშორისო იმიჯი ილახება. უცხოლებისთვის ”ეს საკმარისია, რათა თბილისი კატასტროფის ადგილად აღიქვან” – მარკ მალენი.
სხვათაშორის, აქ არ ვარჩევ, რამდენად სამართლიანია დამარცხებულთა პრეტენზიები, მხოლოდ მათი გამოხატვის უმსგავს ფორმაზე ვსაუბრობ…
ასე, რომ ჩამოვყალიბდი იმ რიგით მოქალაქედ, რომელსაც მომიტინგეები მომხვდურ მტერს გაუტოლა. რატომღაც მონღოლები ითვლებიან უსასტიკეს დამპყრობლებად, მაგრამ მათ ხარკი აინტერესებდათ და მოსახლეობას თუ ამოჟლეტდნენ, ხარკს ვინღა გადაუხდიდა? სელჯუკიანთა საქციელიდან კი ჩანს, რომ ისინი მოსახლეობის დამორჩილებით და ხარკით კი არ იყვნენ დაინტერესებულნი, არამედ გადამწვარი მიწის პრინციპით მოქმედებდნენ. მათ უნდოდათ მხოლოდ ცარიელი მიწის და სასაძოვრის მიღება.
აინტერესებდა ამ ბოლოს მოწყობილ-დარბეული მიტინგის მომწყობებს ხალხი? აინტერესებდათ, როგორც მსხვერპლი, რომელთა დახოცვის გზით ცარიელი მიწის და ’სასაძოვრის’ მიღება შეიძლებოდა. სხვა საქმეა, დარბევის პროცედურა როგორ წარიმართა და ვგმობ თუ არა ამას? რასაკვირველია, ცუდი იმისგან მწყინს, ვის მხარესაც ვარ და ვისგანაც სიკეთეს მოველი, თორემ მიტინგის ორგანიზატორთაგან არაფერიც არ მწყინს და არც მიკვირს; ისინი ჩემთვის, აკი ზემოთაც მოგახსენეთ, დიდი თურქობის ატავისტური გადმონაშთებია! ისე, დავითის დროს რომ მეცხოვრა, მასაც კი არ მოვუწონებდი, უგრძნეულად რომ ესხმოდა მომთაბარე თურქთა და ჟლეტდა, მშვიდად უნდა გაერეკა ისინი საკუთარი ტრამალებისაკენ…
სათაურში გამოტანილი კი დამრჩა ოხრად, ან რაღას ვაქნევ, ღალატი კი არა, უკვე აშკარა მტრობა იყო ის, რაც იმ დღეებში ქუჩაში ხდებოდა, კრემლის აგენტებთან და მოღალატეებთან კი არ გვაქვს საქმე(ეს ხომ გაცვეთილი ბრალდებებია), არამედ აშკარა მაოხრებელთან და ქვეყნის მტერთან… მსგავს აოხრებასა და ქვეყნის მტრობას სულაც აღარ ჭირდება გარეშე მტერი, რუსეთი იქნება თუ ჯოჯოხეთი. ასე, რომ:
რუსეთით არავის ვაშინებ!
კომენტარი