სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში ენერგოეფექტურ მშენებლობებს განავითარებს

თბილისი, საქართველო, 19 ნოემბერი — საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, სს „m2 უძრავი ქონების“ შვილობილ კომპანიას, შპს “m2 რეზიდენშალი”, 23 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული ინვესტიცია ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიას საშუალებას მისცემს, თბილისში განავითაროს და გააფართოვოს ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე“ მშენებლობები და ხელმისაწვდომი გახადოს საშუალო შემოსავლიანობის მქონე მოსახლეობისთვის. აღნიშნული დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

თბილისში მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სახლებზე მზარდი მოთხოვნა ჯერ კიდევ სრულად არ არის დაკმაყოფილებული.

„m2 რეზიდენშალისთვის“ IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მოხმარდება 1,800-მდე ენერგოეფექტური ბინის მშენებლობას, რაც გულისხმობს ენერგიის, წყლის და სამშენებლო მასალების კიდევ უფრო ეფექტურ მომხმარებას, შესაბამისად შემცირდება გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ფაქტორები. IFC-ის დაფინანსება ასევე მოიცავს 11.5 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც მოზიდულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდისაგან „Green for Growth Fund“ (GGF).

“IFC-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა ჩვენი სტრატეგიის პირველი ეტაპის, თბილისში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პროექტების განხორციელებაში. როგორც ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მიზნად ისახავს 2018 წლის ბოლოსათვის 2,000 ახალი ბინის მშენებლობას”- განაცხადა „m2 უძრავი ქონების“ დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

“IFC აღნიშნული დაფინანსებით აგრძელებს ენერგოეფექტური მშენებლობების სტანდარტის დამკვიდრებას და ხელს უწყობს კონკურენციას საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სექტორში. ადამიანებისათვის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად, აღნიშნული პროექტი შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივ შრომით ბაზარზე მშენებლობის პროცესში და მას შემდეგაც, რითაც შეიტანს წვლილს ეკონომიკის განვითარებაში” - აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

“IFC-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ მიერ „m2 რეზიდანშელისთვის“ გაწეული მხარდაჭერით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ სწრაფვას საქართველოში ენერგიის დაზოგვისა და CO2-ის შემცირებისაკენ. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე არსებულ მსგავსი ზომის ახალაშენებულ სახლებთან შედარებით „m2 რეზიდენშალის“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი სახლების პროექტები 40%-მდე მეტად ენერგოეფექტური იქნება, ასეთი მაღალი ხარისხის „მწვანე“ შენებობზე კი მაღალი მოთხოვნაა.“ - განაცხადა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის, Green for Growth Fund (GGF), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფერ კნოულსმა.

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საიდანაც მაღალი ნდობის და სტაბილურობის ხარჯზე იზიდავს ფინანსურ სახსრებს. IFC-მ 2013 წელს, 14 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოყო, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი IFC-ის კანადის კლიმატური ცვლილების პროგრამის ფარგლებში გამოიყო. აღნიშნული დაფინანსებით საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტები განხორციელდა. დეველოპერულმა კომპანიამ IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება წინსწრებით დაფარა. 2018 წლის ბოლომდე, კომპანია „m2 უძრავი ქონება“ საერთო ჯამში 2,000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინის აშენებას გეგმავს.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 52 პროექტში. ამ თანხიდან 362 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 300 მილიონი აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

IFC-ის შესახებ

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს, ჩვენ ვმუშაობთ 2,000-ზე მეტ ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა შევქმნათ განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობა იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2015 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კერძო სექტორს შეასრულოს გადამწყვეტი როლი უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელოა ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

-ის შესახებ:

სს m² უძრავი ქონება, რომლის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს ბანკის ჰოლდინგი, არის უძრავი ქონების განვითარებაზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანია. დღეისათვის m² უძრავი ქონების მიერ მოზიდული იქნა 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის აგრეგირებული ფულადი კაპიტალისა და ვალდებულების დაფინანსება. m² -ს წარმატებით აქვს განხორციელებული 3 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი თბილისის ცენტრალურ უბნებში და 2016 წელში კიდევ 3 პროექტის მშენებლობის დასრულება აქვს დაგეგმილი. დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის, Green for Growth Fund (GGF), -ი შესახებ:

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდი, Green for Growth Fund-ის (GGF) მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობაა. ფონდი მოღვაწეობს როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, მაკედონიაში, მონტენეგროში, სერბეთსა და თურქეთში, ასევე მიმდებარე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო რეგიონში, რომელიც მოეცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. GGF უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტების რეფინანსირებას, რათა მათ დააფინანსონ ისეთი საწარმოები და კერძო პირები, რომლებიც საჭიროებენ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებას. GGF ასევე ახორციელებს პირდაპირ ინვესტირებას მცირე და საშუალო მასშტაბის განახლებადი ენერგიის პროექტებში. GGF -ის ინვესტორების მზარდი ბაზა მოიცავს ისეთ ერთგულ დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) და ავსტრიის განვითარების ბანკი (OeEB). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ggf.lu.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100