სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა რურუა: რობერტ სტურუა ქსენოფობიური განცხადებების გამო გავათავისუფლე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ დღეს ბათუმში ოფიციალურად დაადასტურა, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რეჟისორის ქსენოფობიური განცხადებების გამო მიიღო.

მინისტრის თქმით, რობერტ სტურუა თავის ინტერვიუებში ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა, სახელმწიფო კი ქსენოფობიას არ უნდა აფინანსებდეს.

"სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ქსენოფობიას ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს. ქსენოფობიაში ის გამონათქვამები და ეთნიკური მეტაფორები იგულისხმება, რომელსაც სტურუა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს იყენებდა" - განაცხადა ნიკა რურუამ.

"მიმაჩნია, რომ ტირაჟირებულ ქსენოფობიას დემოკრატიულ ქვეყანაში მწვანე შუქი არ უნდა აენთოს, მით უმეტეს, რომ ეს საქართველოს თავის თავზე ერთხელ უკვე ნაგემი აქვს. ერების დაყოფა კარგ და ცუდ ერებად, ადამიანების დაყოფა კლასებად - ეს იყო ის, რასაც თავის დროზე ბოლშევიკები აკეთებდნენ და ეს იცის სტურუამ, ის იცნობდა ბოლშევიკებს. ამას აკეთებდნენ თავის დროზე ნაცისტებიც", - განაცხადა მინისტრმა.

„ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აუცილებელია, რომ ადამიანს, რომელსაც ასეთი ღირებულებათა სისტემა აქვს, არ ეკავოს ხელმძღვანელის პოსტი“, – თქვა ნიკა რურუამ. მისი თქმით, სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმება დაგეგმილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100