ელისო ჩაფიძე: "ხუდონი და ნამახვან ჰესი უნდა აშენდეს"
საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსების, ჰიდროპოტენციალის ათვისება და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანაა. როგორც დარგის სპეციალისტები და ექსპერტები აცხადებენ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას სწორედ ეს განსაზღვრავს.
რა სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ჰიდროელექტროსადგურებს და როგორია ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის პოზიცია?
ელისო ჩაფიძე: "სიმართლე გითხრათ ამ თემების ზედმეტი აჟიტირება, ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ გარკვეულ ძალებს ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ჭირდებათ. მიჩნდება კითხვა, ხომ არ იყენებენ ისინი გულწრფელ ადამიანებს იმისთვის, რომ წარმოაჩინონ თითქოს რაღაც ცუდი და განსაკუთრებული ხდება. ყველა პრობლემის გადასაჭრელად არსებობს საშუალება, რომ ადამიანები დასხდნენ მაგიდის გარშემო და იმსჯელონ. აქციებზე ვერცერთი პრობლემა გადაწყდება. ვფიქრობ, რომ თუ ეკოლოგიას არ მიაყენებს განსაკუთრებულ ზიანს, ხუდონი უნდა აშენდეს, ასევე უნდა აშენდეს ნამახვან ჰესიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი, რადგან საქართველოში როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა იყოს დასაქმება და შეიქმნას ეროვნული პროდუქტი, ეს პროდუქცია უნდა შეიქმნას რაღაცის ხარჯზე. ჰესი უნდა აშენდეს, საწარმომ უნდა იმუშაოს. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ თან დავასაქმოთ ადამიანები, ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკა ააღორძინოს და თან გვითხრან: აბსოლუტურად არაფერს ახლოთ ხელი, არანაირი ცვლილება არ განახორციელოთ, მაგრამ ეკონომიკა ააყვავეთო. ასე, არცერთ ქვეყანაში ხდება.
მგონია, რომ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გარკვეულ ძალებს აწყობთ ამ საკითხის გამწვავება და არიან ადამიანები, რომლებიც ამით ქულებს იწერენ.
_ თუმცა ხუდონჰესის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო...
_ „სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ასეთი: მოუსმინოს ექსპერტებს, სპეციალისტებსა და მოსახლეობას და შემდეგ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.
მე შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგაც ძალიან დიდი მოძრაობა იყო. დღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი რომ არ იყოს, არ იქნება შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში, არ ვიქნებოდით სტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა. ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდნენ საქართველოში არსებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის გარეშე ქვეყანაში კეთილდღეობა ვერ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გარემოს დაცვის მკაცრი სტანდარტით“.
კომენტარი