ჩრდილო კავკასია - უკონტროლო ზონა იარაღისა და ნარკოვაჭრობისათვის
ჩრდილო კავკასიაში ვითარება კვლავ იძაბება. ყაბარდო-ბალყარეთში იარაღის უკანონოდ გადამტანებსა და მილიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტომობილს დიდი რაიოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
ასეთი ფაქტები რეგიონში ბოლო ხანს ძალიან გახშირდა. ხელისუფლება კი მის კალაპოტში მოქცევას ვერაფრით ახერხებს. მთელი ჩრდილოთ კავკასიის მაშტაბით, სხვადასხვა იატაკვეშა ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც იარაღის გადატანის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. რეგიონი კი, ფაქტობრივად, ანკლავად იქცა, რომლის კონტროლსაც კრემლი ვერაფრით ახერხებს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის იარაღი მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და სხვა დიდი ქალაქების მიმართულებითაც გადააქვთ.
ამჯერად დაპატიმრებული დაჯგუფების წევრების ასაკი 26-დან 43 წლამდეა. ისინი დაღესტნის, ინგუშეთის და სტავროპოლის მხარის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ. ჩრდილო კავკასიაში მოხშირდა ისეთი ინციდენტებიც, როდესაც იარაღის უკანონო გადატანას უცხო ქვეყნების მოქალაქეები ახდენენ.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთი რეგიონი უკვე კარგა ხანია, ნარკოტრაფიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლადაც იქცა. რუსების მონაცემებით, აქ განსაკუთრებით ჰაშიშის კონტრაბანდა მოხშირდა, თუმცა არც ჰერიონის გადატანაა იშვიათობა.
რუსული სამართალდამცველი ორგანოები დანაშაულებრივი ფაქტების 10 პროცენტის გამოვლენასაც ვერ ახერხებენ. ნარკოტიკები გადასატანად სამოძრაო გზა დაღესტანში კასპიის ზღვიდან შემოდის, მახაჩკალიდან კი ცენტრალური რუსეთისკენ მიემართება. „გზის დასაწყისი“ ავღანეთია, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰაშიშის რაოდენობის 90 პროცენტი იწარმოება.
კომენტარი