სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კემერონის განცხადების „საქართველოს ნაწილი“ კრემლის ვებ–გვერდზე ჯერ დადეს, მერე კი გააქრეს

ბრიტანეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტს რუსული დიპლომატიის პირველი სერიოზული მარცხი მაშინ დაუკავშირდა, როცა კემერონმა საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გასაგონად საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა და დიმიტრი მედვედევი უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. ამ მარცხს კიდევ ორი მარცხი მოჰყვა:

კემერონის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის საქართველოზე საუბრობს, კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე დაიდო. წესით, რუსები ასე არ იქცევიან ხოლმე და არამარტო კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: არც რუსი ჟუნალისტები იწუხებენ თავს მოსკოვში ცასული ევროპელი მაღალი რანგის სტუმრების გამოსვლის იმ ნაწილის გაშუქებით, რომელიც საქართველოს ეხება.

მაგრამ კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე კემერონის განცხადების „საქართველოს ნაწილი“ აშკარად გამოქვეყნდა. მერე, ეტყობა, ვიღაცეებს ეს სასწრაფოდ მოხვდათ თვალში და განცხადება კრემლის ვებ–გვერდიდან გაქრა. თითქოსდა უმნიშვნელო მოქმედებაა – ბევრისთვის შეუმჩნეველი: შეხვალ ვებ–გვერდის მართვის პარამეტრებში, მონიშნავ ტექსტის მცირე ნაწილს, წკაპ! და აღარ არის – არც სათაური იცვლება, არც ფოტო და არც ადგილმდებარეობა. შესაძლოა, ზოგიერთმა ვერც კი შეამჩნიოს, მაგრამ აბა, კირკიტა ჟურნალისტებს რას გამოაპარებ! ჰოდა, არც გამოპარვიათ.

განცხადების ნაწილის ასე უბოდიშოდ ამოღებას, რაც დიპლომატიურ წრეებში ტექსტის შეცვლად აღიქმება, გამოხმაურების გარეშე ვერ დატოვებდნენ და ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს შესახებ დევიდ კემერონის გაკეთებული განცხადების კრემლის ვებ-გვერდიდან გაქრობაში რუსეთი ბრიტანელი თარჯიმანი დაადანაშაულა.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში გამოსვლის რუსული ტექსტი, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ბრიტანელი სინქრონისტის თარგმანს ეფუძნება.

კრემლის პრესსამსახურის განმარტებით, ბრიტანელი სტუმრის გამოსვლის ტექსტი ორ ვარიანტად - მშობლიურ ენასა და რუსულ ენაზე მომზადდა. რუსული თარგმანი ბრიტანული დელეგაციის სინქრონისტმა შეასრულა.

კრემლის ადმინისტრაცია ყურადღებას ერთ დეტალზე ამახვილებს - კემერონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ამავე კონფერენციის სტენოგრამაში გამოტოვებულია პრემიერის სიტყვები, რითაც მან იაროსლავის ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს თანაგრძნობა გამოუცხადა. რუსულენოვან თარგმანში კი ეს ფრაზა შენარჩუნებულია.

სრულყოფილი არც დევიდ კემერონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტია. მასში მედვედევის პასუხია გამოტოვებული, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ბრიტანელი ჟურნალისტის კითხვაზე გასცა. ბრიტანული მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ცდილობდა თუ არა რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 1985 წელს კემერონის გადაბირებას.

"დევიდი შესანიშნავი აგენტი დადგებოდა, სამაგიეროდ ბრიტანეთის პრემიერი ვერასოდეს გახდებოდა", - უპასუხა მედვედევმა, თუმცა, ეს პასუხი ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვერ მოხვდა.

მომზადებულია ბრიტანული პრესის მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100