“12 წლის შვილი სკოლაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს უმძიმესი სურათი დახვდა” - ვაზიანში მომხდარი საშინელი მკვლელობის დეტალები
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დათო საგინაძემ ცოლი, მარიკა მესაქრიშვილი და სიდედრი, ლელა გუბელაძე სამზარეულოს დანით მოკლა, მერე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს ტრაგედიამდე, ეს ძალოვნებმა უნდა გაარკვიონ. მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ ეს ოჯახი იქ საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა, თუმცა ამ თვეების მანძილზე ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ. უმძიმესი ტრაგედია გუშინ იმ დროს მოხდა, როცა დათოს და მარიკას ერთადერთი 12 წლის შვილი სკოლაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულ ბავშვს ბინის კარი დაკეტილი დახვდა და ბინაში შესვლა ვეღარ შეძლო. როგორც ჩანს, ვერც ტელეფონზე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და ამის შემდეგ დახმარებისთვის ბიძას მიმართა. ბიძა სასწრაფოდ მივიდა სახლში, ბინის კარი შეამტვრიეს და იქ შესულს უმძიმესი სურათი დახვდა. ოჯახის სამი წევრი ცოცხალი აღარ იყო. ოთახში ეგდო ლელა გუბელაძე, როგორც ამბობენ, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, მისი ქალიშვილი მარიკა მესაქრიშვილის ცხედარიც აივანთან ძირს დაგდებული იპოვეს, მასაც დანით აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო აბაზანაში აღმოაჩინეს დავით საგინაძის ცხედარი, როგორც ჩანს, ბოლოს თავი მოიკლა.
კომენტარი