"კოცნის ფესტივალის" ლესბოსური წყვილის ოჯახები ერთმანეთს უსაფრდებიან
„დრონი.ჯი“-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში ჩატარებულ Kiss-party–ს უკვე მოჰყვა პირველი მძაფრი რეაქცია. დაახლოებით ერთი საათის წინ კონკურსში მონაწილე ლესბოსური წყვილიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრს მეორის ოჯახის წევრმა და რამდენიმე ნათესავმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„დრონი. ჯი“ თავს შეიკავებს დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნებისგან, რადგან მისი მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და, ამავე დროს, მან სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ „ისეთი არაფერი მომხდარა და ხმაურის ატეხვა არ ღირს“. ამ შემთხვევაში ერთადერთი დეტალი, რისი გამჟღავნების უფლებასაც რედაქცია საკუთარ თავს აძლევს, ის არის, რომ დაზარალებული ქალია.
დაპირისპირება დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქალბატონი სახლში ბრუნდებოდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტში, ძირითადად, ქალები მონაწილეობდნენ და ქუჩაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისმოდა ხმამაღალი საუბარი, ხოლო მოგვიანებით ერთ-ერთმა ქალმა მოსულთაგან, მას სილა გააწნა და თმებში სწვდა.
ინციდენტი მას შემდეგ დასრულდა, რაც შემთხვევითი გამვლელი, ქალის მეზობელი ჩხუბს შეესწრო და მოძალადეებს პატრულის გამოძახებით დაემუქრა. ამის შემდეგ სამმა ქალმა და ორმა მაკაცმა (თვითმხილველის თქმით, მამაკაცები დაპირისპირებაში აქტიურად არ ჩართულან) ქუჩა „ვოლვოს“ მარკის ავტომანქანით დატოვეს. როგორც ჩანს, დაზარალებულმა სამართალდამცველთა გამოძახება გადაიფიქრა - მომდევნო 40 წუთის მანძილზე ქუჩაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. Kiss-party თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ერთმა ლესბოსურმა წყვილმაც მიიღო. წყვილთაგან ერთი 21, ხოლო მეორე 16 წლის იყო. მათ განაცხადეს, რომ 2 წელია, ერთმანეთს ხვდებიან და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდნენ თუ არა მათი ურთიერთობისა და, ზოგადად, ორიენტაციის სესახებ სახლში, ერთმა დადებითად, მეორემ კი უარყოფითად უპასუხა.
სიუჟეტი ამ კონკურსის შესახებ ინტერნეტტელევიზია itv-მ გადასცა. კონკურსის შესახებ დღეს „დრონი.ჯი“-ც წერდა და გამოქვეყნებულ სტატიას კონკურსის ამსახველი ვიდეოც ერთვოდა, სადაც ლესბოსურ წყვილთან ინტერვიუცაა ჩაწერილი. კონკურსს და მონაწილეებს შორის არასრულწლოვანის გამოჩენას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
კომენტარი