სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთაველის თეატრი "ქართველი გალიანოს" გარეშე დარჩა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა, რომელმაც ბოლო დროს თავი რასისტული განცხადებებითაც გაითქვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ქსენოფობიით გატაცებულ და საბჭოური ნოსტალგიით შეპყრობილ რეჟისორთან, რობერტ სტურუასთან, იგივე "ქართველ გალიანოსთან" ერთად თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება საქართველოს ყველა მოქმედი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიიღო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში მოქმედ ყველა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გაუქმდა.

ინფორმაცია, სტურუას გათავისუფლების შესახებ „პრესა.ჯი“–ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიხლაძემ ოფიციალურად დაუდასტურა:

„შემიძლია დავადასტურო, რომ მინისტრის, ბატონ ნიკოლოზ რურუას ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნამდვილად გათავისუფლდა ბატონი რობერტ სტურუა“.

თამარ ჩიხლაძემ დამატებით კითხვებს არ უპასუხა. მისი თქმით, „სავარაუდოდ, ხვალ ამ საკითხზე კომენტარს ბატონი მინისტრი თავად გააკეთებს“, – უთხრა მან „პრესა.ჯი“–ს.

ინფორმაცია თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ფეისბუქზე რობერტ სტურუას სახელით დარეგისტრირებულმა იუზერმა სამინისტროდან გამოგზავნილი ბრძანების ფოტოასლი ატვირთა, იუზერმა კი, რომელიც, სავარაუდოდ, რობერტ სტურუაა, მხოლოდ ერთი სიტყვით: „მომხსნეს“ დაადასტურა მომხდარი ფაქტი. რამდენიმე წუთში „რობერტ სტურუას“ ფეისბუქ–პროფილიდან ბრძანების ფოტოასლი „ფეისბუქის“ სხვა მომხმარებლებმაც გაიზიარეს.

„ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ფოტოასლის მიხედვით, ბრძანება 2011 წლის 9 აგვისტოთია დათარიღებული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბლანკზე მას ხელს აწერს მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

ტექსტში ნათქვამია:

„ბრძანება 1/64

რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ

„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:

1. გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან“.

რაც შეეხება ბრძანებაში ნახსენებ „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, იგი კანონში ასეა ფორმულირებული:

„მუხლი 7. სახელმწიფო თეატრის მართვა და ხელმძღვანელი პირების

უფლება-მოვალეობანი

7. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ა) სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით“.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100