ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, 17:00 სთ, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, ბანაკში საზოგადოებისთვის ნაცნობი მომღერლები კონცერტს გამართავენ, ასევე მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენის ჩვენება. ღონისძიებას ბანაკ „პატრიოტის“ 300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მონაწილე დაესწრება.
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ, გაერო-ს მიერ, 1999 წელს მიღებული ერთ-ერთი რეზოლუციით არის აღიარებული. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საკმაოდ პოპულარულია ევროპის და ამერიკის კონტინენტის მრავალ ქვეყანაში.
საქართველოში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მსგავსი მასშტაბით პირველად ტარდება. აქცია-კონცერტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების უფლებების პოპულარიზაციასა და მსოფლიოს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.
ანაკლიაში გასამართი ღონისძიების ორგანიზატორია ა/ო „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“. ღონისძიება დაფინანსებულია საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარი