სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯორჯ ბუში: საქართველოსთან ომის დაწყების დღეს, პუტინს ვუთხარი: "თქვენ ცივსისხლიანი ხართ!.."

აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის წიგნი "საკვანძო გადაწყვეტილება" რუსულ ენაზე გამოიცა.

როგორც "Комсомольская правда" აღნიშნავს, "ექს-პრეზიდენტი საკუთარ მემუარებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს დიდ ყურადღებას უთმობს და არც არის გასაკვირი: ისინი ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ".

"ავტორი ასევე ალკოჰოლთან საკუთარ პრობლემებზე, ერაყისა და ავღანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე წერს და რიგ შეცდომებს აღიარებს. ბუში სლოვენიაში პუტინთან პირველ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საუბარი საბჭოთა კავშირის ვალებს ეხებოდა და დიალოგი რთული აღმოჩნდა. აშშ-ის ექს-პრეზიდენტის აზრით, "ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელიწადმა პუტინი გააფუჭა, საერთაშორისო საქმეებში მან აგრესიულად მოქცევა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ჯიუტად დაცვა დაიწყო" - აღნიშნავს "Комсомольская правда".

მისივე ინფორმაციით, მემუარებში ცალკე თავი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს ეძღვნება.

"ბუში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სატელეფონი საუბარი ხმამაღალ ტონში წარიმართა. "მედვედევმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მის მიერ არაკონტროლირებად რესპუბლიკაში 1500 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლა და იგი სადამ ჰუსეინზე უკეთესი არაფრითაა. იგივე თეზისი გაიმეორა პრემიერმა პუტინმაც, რომელიც იმ დროს პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ რუსები თბილისში შეიჭრებოდნენ და სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ...", - იხსენებს, "Комсомольская правда"-ს ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი.

"ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მე და ლორა პუტინისა და მისი თარჯიმნის რიგში ვისხედით. ეს იყო მასთან დალაპარაკების შანსი. მე ვიცოდი, რომ ტელეკამერები ჩვენსკენ იყო მომართული და ამიტომ ვცდილობდი, მშვიდად ვყოფილიყავი. მე მას ვუთხარი, რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო და რომ რუსეთი თავს იზოლაციაში მოიქცევდა, თუ საქართველოდან არ გავიდოდა. პუტინმა მიპასუხა, რომ "სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე იყო და რუსეთის პროვოცირება მოახდინა" - იგივე ტერმინი, რაც მედვედევმა გამოიყენა. "თქვენ გაფრთხილებდნენ, რომ სააკაშვილს ცხელი სისხლი აქვს", - ვუთხარი მე პუტინს. "მეც ცხელი სისხლი მაქვს" - მიპასუხა მან. მე მას ყურადღებით შევხედე და ვუთხარი: "არა, ვლადიმერ, თქვენ ცივსისხლიანი ხართ", - წერს, "Комсомольская правда"-ს ინფორმაციით, ბუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100