ზელენსკი: სტოლტენბერგის ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ნიშანს, რომ ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც დღეს უკრაინაში ჩავიდა.
"მივესალმები ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს კიევში. ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ - ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ, როგორც ნიშანს, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში - ამბიციური გადაწყვეტილებების თავი.",- წერს ზელენსკი.
სტოლტენბერგთა უკრაინის პრეზიდენტმა ოთხი ძირითადი საკითხი განიხილა მათ შორის იყო "რამშტეინის" მორიგი შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება. ასევე ისაუბრეს პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.
"განვიხილეთ: პირველი რამშტეინის შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების შეიარაღებულ მხარდაჭერას.
მეორე, მე მივმართე ბატონ გენერალურ მდივანს თხოვნით, დაგვეხმაროს, დავძლიოთ ჩვენი პარტნიორების თავშეკავება ზოგიერთი იარაღის მიწოდებაში, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, თანამედროვე თვითმფრინავების, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაში.
მესამე საკითხია ვილნიუსის ნატოს სამიტი, რომელიც შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მოწვევა.
და მეოთხე არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
გმადლობთ მოლაპარაკებების დაწყებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მშვიდობის დამყარებას უკრაინაში, მთელ ევროპასა და მსოფლიოში",- დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში მოულოდნელად ჩავიდა. სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს და დაათვალიერა დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოფენილია კიევის ცენტრალურ მოედანზე.
კომენტარი