სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტებებსა და პრიორიტეტების მოსახლეობისთვის წარდგენის საკითხებს.

„ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა იქნება ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემებისა და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, როგორ ჩატარდა კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ჩამოსული არის და ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. მისთვის ყველა ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველა შეხვედრა დასრულდება, საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100