"მე ის ნატანჯი ქალი ვარ, ცოცხლად რომ მომკლა ჩემი შვილების მამამ" - ფოფოდიას წერილი პატრიარქს
5 შვილის დედის, ფოფოდიას წერილი პატრიარქს... 5 შვილის დედა, ერთ-ერთი მღვდლის ყოფილი ცოლი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო ქმრისა და მამამთილის ოჯახის მხრიდან, დუმილს არღვევს. თუმცა ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. იგი ამბობს, რომ აღარ აქვს უფლება უწმინდესისაგან აიღოს ლოცვა-კურთხევა, ნუგეში და იმედი, ამიტომ სოციალური ქსელით ცდილობს მიაწვდინოს ხმა, რადგან მხოლოდ მისი სჯერა!
"წერილი ჩემს სულიერ მამას, ჩემს დაუძლურებულ მოხუცს, ჩემს მრავალჭირნახულ პატრიარქს, ერ
ის ბრძენ კეთილშობილ და ნატანჯ სულიერ მესაჭეს..
მე ის გოგო ვარ, 13 წელი რომ ღმერთს ეკითხება თვაცრემლიანი, რატომ, უფალო..?
მე ის გოგო ვარ, 38-ე შობას რომ წავა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ყვავილებით ხელში მიულოცავს მესიის დაბადებას..
მე ის გოგო ვარ, 8 645 დღე მხოლოდ უფლის იმედით რომ დუმდა..
მე ის გოგო ვარ, ღმერთს მეგობარი რომ ვუწოდე და მერე მეგობრის გარეშე დავრჩი...
ის თავზარდაცემული დედა ვარ, ყულფში რომ გავყავი თავი და მერე ისევ, როგორც ყოველთვის, ჩემმა მეგობარმა მიხსნა... ხელში ამიყვანა და აქამდე მომიყვანა... მომიყვანა თქვენამდე...
მე ის დედა ვარ, უფალმა წყალობით რომ მოხედა ჩემს ნაყოფიერებას და ხუთგზის სასწაულს მაზიარა... ხუთი პირმშო მიმეხუტა გულზე...
ის ნატანჯი ქალი ვარ, ცოცხლად რომ მოკლა მისი შვილების
მამამ... მერე კი ჩემი წამება მისმა მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გააგრძელეს...
მე ის ადამიანი ვარ, რწმენა რომ შემირყიეს, გული გამიტეხეს და ცხოვრება დამინგრიეს დედა ეკლესიის მოძღვრებმა...
სხეულზე ნაიარევებით, თვალზე და სახეზე სილურჯეებით, დალილავებული გვერდებითა და დაპუტული თმებით, ნაღრძობი თითებით, თავში ცემით, ზედმეტსახელიც კი შემარქვა ჩემი შვილების მამამ და მიწოდა (სახელი) ახალმოწამე...
მე ვდუმდი...
ვიტანდი და ვფიქრობდი... ეს ჩემი ჯვარია... ეს უფალმა დაუშვა... ეს ბრძოლაა... ეს ის გოლგოთაა, მეც რომ უნდა ვიტვირთო ჩემი წილი ჯვრის ტვირთვით... ვდუმდი და გულის გახეთქვამდე ვტიროდი მთელი 13 წელი..
ცა მეტი... რა იდუმალებითაა მოცული ჩვენი უძველესი ქართული სიტყვის ძალა და ვიბრაცია... ცა მეტი... ცა მეტი...
ბოლო სამი კვირა მე თქვენს მუხლებთან მუხლმოყრილი გიკითხავდით ჩემი სისხლით და ცრემლით ნაწერ ჩემი სულის ტკივილს, ჩემს ლექსებს... თქვენ კი მეუბნებოდით არაჩვეულებრივია, ძალიან კარგია... ტაშიც კი დამიკარით... მე ვერაფერი გითხარით, ვერ შეგბედეთ, თქვენს მიერ დასმული კითხვების პასუხები, თქვენთვის ის ისრები იქნებოდა რაც არაერთხელ მოხვდა თქვენს გულს..
დახმარება მეუფეებს ვთხოვე, მათ კი მითხრეს რომ მოიწვევდნენ სხდომას, ჩატარდებოდა კომისია და დაისჯებოდნენ მოძალადე უღირსი მღვდლები...
მას მერე გავიდა ერთი თვე, რეაგირება 0. ისიც კი ამეკრძალა, რომ თქვენამდე მოვიდე და ყველაფერი მოგიყვეთ, რადგან თქვენ რომ გცოდნოდათ ეს ყველაფერი, აქამდე დაისჯებოდნენ უღირსი მღვდლები.
შეპყრობილ მღვდლებს ლოთობის და ვერცხლისმოყვარეობის დემონი ტანჯავს... ჩემს უბედურ ყოფილ მეუღლეს მკურნალობა სჭირდება, მისი ფსიქიკა მისმა მშობლებმა დააზიანეს. ის მსხვერპლია თავისი ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილი მამის, რომელიც მთელი ცხოვრება ლოთობდა და ძალადობდა ოჯახის წევრებზე.
ჩემი ოჯახი და მე ვეხვეწებოდით ჩემს ყოფილ მამამთილს, ემკურნალა, მისთვის კოდი ჩაგვესვა და გადაგვერჩინა როგორც ადამიანი. მაგრამ ჩემი მამამთილის საფიქრალი სასტუმროების შენება, მიწის ნაკვეთების ყიდვა, სახლების ყიდვა და ვერცხლისმოყვარება იყო...
მან გაწირა თავისი შვილი, ჩემი შვილების მამა, ამჟამად მამაო.
მან მამონას მსახურობა არჩია..
რადგან ვერ მოვდივარ თქვენამდე, ვწერ ამ წერილს და იმედი მაქვს ვინმე მოიტანს თქვენამდე.
ცა მეტი წელი...
მეტი დადგა ჩემს ცხოვრებაში..
ცა მეტად გაიხსნა...
დამლოცეთ თქვენო უწმინდესობავ..."
კომენტარი