უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).
შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე.
ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია:
§ ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%)
§ საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%)
§ სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%)
სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირია მთაწმინდის რაიონში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).
საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
სექტემბერში ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთაწმინდის რაიონში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დოლარი). 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.
საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.
კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.
კომერციული ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).
სექტემბერში თბილისის წილმა ქვეყანაში განხორციელებულ გაყიდვებში პიკს მიაღწია და 42.1%-მდე გაიზარდა (39.2% ივლისში, 36.2% აგვისტოში).
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ივლისი-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.
თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე iset-pi.ge
კომენტარი