"ჯანდაცვის ახალი რეფორმებით საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება
ამის შესახებ დღეს გაეროს აივ/შიდისის გაერთიანებული პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ჟან-ელი-მალკინმა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მან პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს Global Alliance for Health and Social Compact-ს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის შენარჩუნება მთავარი ფასეულობაა და ეს არის საყრდენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება."
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.-თან.
ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ლი მალკინმა. ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%–ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.
კომენტარი