პატრიარქის გამონათქვამები
როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა დედა წყალობს და მფარველობს საქართველოს, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ქართველებს, პასუხისმგებლობაც უფრო მეტი გვაქვს ღვთის წინაშე, უფრო მეტი მოგვეკითხება! ამიტომ გვჭირდება ჩვენი მეოხის შეწევნა.
მრავალი განსაცდელი გამოვიარეთ და, რა თქმა უნდა, პრობლემები კვლავაც იქნება, რადგან ვიდრე ერი ან ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობს, განსაცდელი მუდამ თან სდევს; მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენს ქვეყანას თავისი მფარველობის გარეშე არასდროს დატოვებს, რადგან საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, იგი არის მფარველი და მეოხი ჩვენი წინაშე ღვთისა.
ჩვენს წარსულსა და აწმყოს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უფალი ჩვენთანაა. ამიტომ გვწამს, რომ მომავალშიც ასე იქნება. უფალს ხელი ჩაუკიდებია საქართველოსთვის, როგორც ბავშვისთვის და ასე გვატარებს ამასოფლის უდაბნოებში! ვმადლობთ უფალს, რომ ასე გვიფარავს და არ გვტოვებს!
ეკლესია იყო და არის ჩვენი დედა, ქართველი კაცი ამბობს: ”დედა-ეკლესია”.
მშობლების კურთხევა ღვთის ლოცვა–კურთხევაა. გახსოვდეთ, მშობლებო, რომ თქვენი შვილები უნდა დალოცოთ, ჯვარი გადასახოთ ნაკურთხი ხატით. შვილებიც ასევე ყოველდღე უნდა ემთხვეოდეთ თქვენს მშობლებს ხელზე. ასევე დალოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლის მარჯვენაზე მთხვევა უფლის მაკურთხეველ ხელზე მთხვევას ნიშნავს და სასწაულს ახდენს, რადგან ამ გზით ზეციდან თქვენზე ღვთის ლოცვა–კურთხევა გადმოდის.
ადამიანის ცხოვრება რთულია, მასში მუდმივად მიმდინარეობს ფერისცვალება, ერთ ადგილზე არავინ დგას, ყველა იცვლება. ჯოჯოხეთიდან ცამდე, ღვთის სასუფევლამდეა აღმართული სულიერი კიბე, რომელზეც მუდამ მოძრაობენ ადამიანები, ზოგი მაღლა ადის, ზოგიც დაბლა ეშვება. შევთხოვოთ უფალს, მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ სულ მაღლა ვიაროთ და ღვთის სასუფევლის ღირსი შევიქნათ, ამინ!
ჩვენ ვხედავთ სახესა კაცისასა, უფალი კი ხედავს გულსა კაცისასა, ჩვენ შინაგან სამყაროს, კითხულობს ჩვენს აზრებს, ჩვენს ფიქრებს. რა თქმა უნდა, ცოდვებით არის დამძიმებული ჩვენი გულიც და ფიქრებიც. წმინდა ანდრია კრიტელის კანონი იწყება ასეთი სიტყვებით: "საიდან ვიწყო მე გლოვა" და გულისხმობს იმას, რომ სადაც არ გავიხედავ, საკუთარ ცოდვას ვხედავ, მაინც ვცოდავ და რითი დავიწყო ცოდვებზე გლოვაო; მაგრამ უფალი მოწყალეა და იწირავს ჩვენს განზრახვას – სინანულით მივიდეთ ჩვენს შემოქმედთან.
კომენტარი