სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ტერაქტები გახშირდა

ავღანეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ტერაქტები და თავდასხმები თალიბების მხრიდან, ბოლო დროს, კიდევ უფრო გახშირდა. ამას დაერთო ავღანეთის ხელისუფლების პროტესტი ნატოს წარმომადგენლობის მიმართ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებს.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ თუ ნატოს სამხედროები იმ რაიონების დაბომბვას გააგრძელებენ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ის მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. კონკრეტულად რა იგულისხმება „მკვეთრ ნაბიჯებში“ ქვეყნის პირველ პირს არ დაუზუსტებია. ცნობილია, რომ კარზაიმ ავღანეთში განლაგებული კოალიციური სამეთაურო შტაბის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ერთ–ერთ სოფელში მისი ბიძაშვილი მოკლეს.

ჰამიდ კარზაის ამ განცხადებაზე, ნატოს წარმომადგენლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეთაურობა ირწმუნება, რომ რეგიონში არცერთი ოპერაცია ავღანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არ ჩატარებულა.

საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობამ ბოდიში უკვე მოიხადა პროვინცია გილმენდის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიადარტყმების გამო, რომლის შედეგადაც 12 ქალი და ბავშვი დაიღუპა. მაშინ ორგანიზაციამ განმარტა, რომ სამიზნე ერთ–ერთ სახლში თავშეფარებული თალიბები იყვნენ, თუმცა ბომბები ორ სახლს მოხვდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

ამასობაში, ავღანეთში ორი ტერაქტი მოხდა, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ტერაქტი ქალაქ ჰერათში განხორციელდა. ტერაქტები იტალიური ბაზის შესასვლელთან მოხდა. „თალიბანის“ წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქებების სამიზნე სწორედ ეს იტალიური ბაზა იყო და ტერორისტებმა სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლიც გაითვალისწინეს. ავღანეთში მდგომარეობის გაუარესების შესახებ აშშ–ის ოფიციალური პირებიც საუბრობენ და ქვეყანაში ოპერაციის წარმოების სტრატეგიის შეცვლაზე ამახვილებენ ყურადღებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100