პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება
დღეს, 13 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების ინიცირება მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ტერმინები "არაკრიტიკული შეუსაბამობა" და "კრიტიკული შეუსაბამობა", კერძოდ კი სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოს ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედება, ჩადენილი ხელმეორედ მიცემული გონივრული ვადის გასვლისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, კრიტიკულ შეუსაბამობაში იგულისხმება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების აღმოჩენა, ხოლო არაკრიტიკულ შეუსაბამობის დროს უფრო ტექნიკური სახის დარღვევებზეა საუბარი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცვას.
მასთან, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა მოხდა, ეს გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დასჯადი გახდება.
საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნულია, რომ საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში კი, თუ პირის მიერ იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იქნება ჩადენილი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, მცირდება ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა.
დღეს არსებული ნორმით, "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1500 ლარამდე.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი, ჯარიმის ოდენობა 400 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მისი რაოდენობა 1200 ლარამდე გაიზრდება.
კომენტარი