სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი იუბილარია - 56 წლის მილიარდერის ცხოვრების ნაცნობ-უცნობი დეტალები

პირველი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს იუბილარია: მას 56 წელი შეუსრულდა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ რუსულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული, უცხოური პრესიდან თარგმნილი მასალების ფრაგმენტებს (წყარო მითითებილია სტატიის ბოლოს), სადაც ბიძინა ივანიშვილი თვითონვე უკეთებს კომენტარს თავისი ცხოვრების რამდენიმე საკვანძო ეპიზოდს:


ბორის (ბიძინა) გრიგოლის-ძე ივანიშვილი - ბანკ "Российский кредит“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, სს „Стойленский ГОК“-ის გენდირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე.
დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პატარა სოფელ ჭორვილაში. საქართველოს დედაქალაქში სკოლის დამთავრების შემდეგ მოხვდა. 1980 წელს დაამთავრა თსუ, ორი წლის შემდეგ კი მოსკოვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში გადაინაცვლა.

მოსკოვში ყოფნის პირველივე წელს ივანიშვვილმა გაიცნო მომავალი ბიზნეს-პარტნიორი ვიტალი მალკინი - ისიც ასპირანტურაში სწავლობდა და მოსკოვის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სწავლობდა, ამავე დროს, თავს რეპეტიტორობით ირჩენდა.

„ფიზიკაში ერთ ქართველთან ერთად ვმეცადინეობდი, რომელიც ბორისის შორეული ნათესავი აღმოჩნდა“, - იხსენებს ინტერვიუში მალკინი. – „ასე გავიცანი ის და მალევე დავმეგობრდით“.

ივანიშვილს მოსკოვში საკუთარი ქართული სახელის შეცვლა მოუწია. „ხან რას და ხანაც რას მეძახდნენ - ზოგი ბუზინას, ზოგიც - ბენზინას“, - ამბობს ბიზნესმენი, რომელიც ახლა პარიზის ფეშენებელური ოტელის George V-ის მასიურ მაგიდასთან ზის, - „ერთხელაც, ასპირანტურის გამგემ გადააფურთხა და თქვა, რომ უბრალოდ, ბორისს დამიძახებდა“.

ოთხი წლის სემდეგ, 1986 წელს, მან დისერტაცია დაიცვა და თბილისში დაბრუნდა, სადაც სწორედ იმ წელს გახსნეს მოსკოვის სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტის ფილიალი. იქ მუშაობა მოსაწყენი იყო. ივანიშვილმა კომპიუტერების ბიზნესი წამოიწყო და მალე ისევ მოსკოვში გადაბარგდა, სადაც გამდიდრების შანსი დღითიდღე იზრდებოდა.

რუსეთის დედაქალაქში მან ტექნიკის გაყიდვა კოოპერატივ „აგროპროგრესის“ მეშვეობით დაიწყო. კოოპერატივი მალკინის თანაინსტიტუტელებმა (ტრანსპორტის ინჟინერთა ინტიტუსტიდან) - ალექსანდრე ბრიანცოვმა და სერგეი მოსინმა გახსნეს - სათბურების ასაშენებლად. კოოპერატივს ორი ახალი დამფუძნებელი გამოუჩნდა - ივანიშვილი და მალკინი. მოგვიანებით მათ ჰონკონგიდან ღილაკებიანი ტელეფონების შემოტანა დაიწყეს.

„1990 წელს ჩვენ უკვე გვქონდა 11 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტთა პორტფელი“, - ამაყად ამბობს ივანიშვილი და ამატებს, რომ ამ მასშტაბის ფირმა მაშინდელ მოსკოვში სულ ორი-სამი თუ იქნებოდა. შემდეგ პარტნიორებს გაუჩნდათ შეკითხვა: რატომ უნდა ვიმუშაოთ სხვა ბანკებთან, როცა შეგვიძლია საკუთარი შევქმნათ? მით უმეტეს, რომ 1990-იანებში საფინანსო ბიზნესი რუსეთში მაინცდამაინც არ ჰყვაოდა. „აგროპროგრესის“ პარტნიორებმა ბანკი უპრობლემოდ დაარეგისტრირეს - რეგისტრაციის დროს დამფუძნებლად მოიწვიეს ფონდი „დაღუპული ჯარისკაცების სამარადჟამო ხსოვნა“, რომელსაც ვეტერანი, ანატოლი ბეზუგლოვი ხელმძღვანელობდა. ის იცნობდა მოსკოვში ცენტრალური ბანკის მთავარი სამმართველოს (ГУ ЦБ) უფროსს კონსტანტინე შორს. ახალი ბანკის სახელწოდება „Российский кредит“ შორის მეუღლემ მოიფიქრა.

ბეზუგლოვი თამაშიდან თითქმის ბანკის დაარსებისთანავე გავიდა. ბრიანცევმაც გადაწყვიტა, რომ უკვე საკმაო თანხა მოაგროვა (დაახლ. 600.000 დოლარი) იმისთვის, რომ დარჩენილი დღეები განცხრომაში გაატაროს. ივანიშვილს სამი პარტნიორი დარჩა. მოსინი ბიზნესში დიდხანს არ დარჩენილა. „ისევ ჩვენ გვპარავდა - თავის პარტნიორებს ძარცვავდა“, - ამბობს ივანიშვილი. მან „როსკრედიტში“ მოსინის წილი შეისყიდა და საკუთარი პაკეტი 675-დე აიყვანა. მალკინს 33% ჰქონდა. ბანკის მართვის სადავეები მთლიანად ივანიშვილის ხელში გადავიდა, მალკინი კი, უმრავლეს შემთხვევებში, მხოლოდ წარმომადგენლობით როლს სჯერდებოდა.

„ უბრალოდ, ნატურით არ იყო ხელმძღვანელი,“ - ჰყვება პარტნიორზე ივანიშვილი. – „ის ძალიან განათლებულია, უამრავი წიგნი აქვს წაკითხული, შესანიშნავად ერკვევა ხელოვნებაში, მაგრამ დირიჟორობა არ გამოსდის“.

მალკინი, რომელსაც ჩვენ „როსკრედიტის“ მისაღებ დარბაზში ვესაუბრებით, არ აპროტესტებს: „მე, ძირითადად, „როსკრედიტის“ კავშირებს უზრუნველვყოფდი გარე სამყაროსთან“.

მალკინი ოლიგარქებთან ბორის ელცინისა და ანატოლი ჩუბაისის შეხვედრის დროს მათთან ერთად დადიოდა - იქ, სადაც, შესაძლოა, პრესა ყოფილიყო. ამავე დროს, სწორედ მისი ძალისხმევით მოიპოვა „როსკრედიტმა“ ყველა აუცილებელი ლიცენზია. მალკინი ზრუნავდა ბანკის წარდგენაზე ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იზიდავდა შეძლებულ კლიენტებს.

მაგრამ მთავარი კოზირი - „როსკომდრაგმეტ“-ის ანგარიში, სადაც თავს იყრიდა 1990-იან წლებში საზღვარგარეთ ოქროს გაყიდვისგან მიღებული მსხვილი თანხა, ბანკმა ივანიშვილის წყალობით მოიპოვა. მან შეძლო 1995 წელს „როსკომდრაგმეტ“-ის ხელმძღვანელის, ევგენი ბიჩკოვის დარწმუნება, რომ ანგარიში სწორედ „როსკრედიტში“ გაეხსნა. აგვისტოს კრიზისის წინ „როსკომდრაგმეტ“-ის დეპოზიტი „როსკრედიტში“ 27 მილიონ დოლარს შეადგენდა და ანგარიშებზე დარიცხულის სახით კიდევ მსხვილი თანხა ჰქონდა - 100 მილიონი დოლარი.

მოგვიანებით, როცა ბიჩკოვმა Golden Ad-ის ცნობილი სკანდალის გამო თანამდებობა დაკარგა, ივანიშვილმა ის ბანკში ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა: „ის ტიროდა და არ იცოდა, რა ექნა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ მას დაეხმარა, მე ვიყავი“, - ამბობს ივანიშვილი.

ბანკის სტრატეგიის განსაზღვრითა და წარმართვითაც თითქმის მხოლოდ ივანიშვილი იყო დაკავებული. მან მოიფიქრა, რომ მთელი ქვეყნის სამრეწველო საწარმოებში ბანკის ფილიალები გაეხსნა. იდეის არსი შემდეგი იყო: ქარხნების დირექტორებს შეთანხმებოდა, რომ მათ მცირეოდენი თანხის საფასურად გამოეყოთ ფართი ფილიალისთვის, რომელთა ხელმძღვანელები თვითონ დირექტორები ხდებოდნენ. მაშინ საწარმო ავტომატურად გადადიოდა ბანკის მომსახურებაზე, ამავდროულად კი „როსკრედიტს“ ეძლეოდა საშუალება, შეესყიდა საწარმოს ბიზნესის წილი.

1990-იან წლებში კრასნოიარსკის თუნუქის ქარხანა თუნუქს საზღვარგარეთ აგზავნიდა, თვითონ წარმოება კი გაჩერებული იყო. ასეთი საწარმოების ყიდვა ივანიშვილის სტილი იყო. „არავის ეგონა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე სულელი და ამ ქარხანას იყიდდა, მაგრამ ასეთი სულელი მე აღმოვჩნდი“, - ამბობს ივანიშვილი. შემდეგ თუნუქის ქარხანა ადგილობრივი მეტალურგიულ ქარხანასთან ხანგრძლივ ომში ჩაერთო და ამ ომში ივანიშვილმა საქმე ისე მოაკვარახჭინა, რომ ფაქტობრივად, მეტალურგიული ქარხნის მაკონტროლებელიც თვითონ გახდა.

1996 წლის ზაფხულში ივანიშვილი სენ-ტროპეში, საკუთარ ვილაზე ისვენებდა. ბიზნესმენი იხსენებს, რომ ერთხელაც მას დაურეკა ვიღაც უცნობმა და მოსთხოვა, კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხნის აქციები გაეყიდა. „ისეთი ხმით ლაპარაკობდა, რომ მთელი სხეული გამეყინა“, - იხსენებს ივანიშვილი, - „მართალია, საფრანგეთში ვიყავი, მაგრამ იმ ღამეს სახლში ყველა კარი საიმედოდ ჩავრაზე“.

ივანიშვილმა უცნობს სთხოვა, მეორე დღეს დაერეკა. როცა ზარი მართლაც გაისმა, ივანიშვილმა დაასახელა თანხა, რა ფასადაც აპირებდა აქციების დათმობას და დაამატა, რომ მხოლოდ კრასნოიარსკის თუნუქის ქარხნის დირექტორს, ანუ, ოფიციალურ პირს შეხვდებოდა. უცნობი დათანხმდა.

ივანიშვილი საფრანგეთიდან დაბრუნდა. ბანკში უკვე გამზადებული ჰქონდათ პაკეტის გაყიდვისთვის საჭირო საბუთები. შეხვედრაზე მოვიდა კაპლაკოვი, რომელიც, ივანიშვილის თქმით, თავხედურად იქცეოდა და შეთანხმებულზე ხუთჯერ ნაკლები თანხა დაასახელა. ივანიშვილმა მისი ტონი გააპროტესტა, რის შემდეგაც კაპლაკოვი კაბინეტიდან გავარდა, ვიღაცას დაურეკა, მობრუნდა და დოკუმენტებს ხელი მოაწერა.

მეორე დღეს ივანიშვილი „ეფ-ეს-ბეს“ ნაცნობმა თანამშრომელმა გააფრთხილა, რომ მასზე თავდასხმას ამზადებდნენ. „მაშინ მივხვდი, რატომ იქცეოდა ისე თავხედურად კაპლაკოვი - მას ეგონა, რომ მე ერთი დღით ადრე საშინლად შემაშინეს და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, მე ყველაფერს გავცემდი, ვაჭრობასაც არ დავიწყებდი“, - იხსენებს ბიზნესმენი.

...და რატომ არა საქართველოში? იმიტომ რომ ეს ქვეყანა ვერ მისცემს დაბანდებებიდან სათანადო ამონაგებს ადამიანს, რომლის ქონება სამჯერ აღემატება ქვეყნის ბიუჯეტს. ხოლო რუსული „ფორბსის“ იმ სიაში, სადაც რუსეთის მდიდართა „საუკეთესო ასეული“ ქვეყნდება და სადაც თითოეულ გვარის გასწვრივ მოკლე დახასიათება-ფრაზებია, საპატიო ოცეულში მყოფი ივანიშვილის გვარის გასწვრივ წერია: „ადამიანი, რომელსაც ვერავინ ხედავს...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100