სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჩუგოშვილი - არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა დღეს მთავარი ის სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც ბორჯომში გვიწევს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი სრულიად მისაღებია, თუმცა დღეს მთავარი ის მძიმე სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც შესაბამის სამსახურებს ბორჯომში უწევთ.

როგორც მან პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი სამსახურები ხანძრის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებენ.

„დღეს მთავარია ის მძიმე სტიქია, რომელთანაც ბორჯომში გვიწევს ბრძოლა. მთავარია, რომ ჩვენი მეხანძრეები და მთავრობის წევრები ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ, რომლებიც ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანისთვის მომზადებული ვართ და თარიღიც მისაღებია. უკვე დღეიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა თარიღი, მთელი რიგი რეგულაციები და საკანონმდებლო შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის, სარეკლამო და საეთერო დროის გამოყენებას უკავშირდება. ეს შეზღუდვები არსებობს, როგორც ჩვენთვის, ასევე მედიისთვის. ჩვენ ყველა ამ წესის დაცვით ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და თავდაჯერებული ვართ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დამახასიათებელი გამოწვევები ახასიათებთ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ადგილლობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

„თბილისისა და ქალაქებისთვის განსხვავებული გამოწვევები არსებობს. რეგიონებში კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევებია. თვითმმართველობის სპეციფიკა ისაა, რომ ადგილობრივ საჭიროებებს ერგებოდეს როგორც საარჩევნო კამპანია, ასევე თვითმმართველობის საქმიანობა. საარჩევნო კამპანია ადგილობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რადგან შემდეგ უკვე თვითმმართველობის საქმიანობა უნდა იყოს მორგებული ადგილობრივ საჭიროებებზე“, - განმარტა ჩუგოშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100