სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკავშირის მინისტრები იმიგრაციის პრობლემას ბრიუსელში განიხილავენ

პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე მტვრიან პარკში ტუნისელი იმიგრანტები აფარებენ თავს. ლტოლვილებს აქა-იქ მოწყალების სახით მიღებული ბუტერბროდებით გააქვთ თავი. ოცნება ევროპაში ლამაზი და მხიარული ცხოვრების შესახებ მათთვის თანდათან უფერულდება.

ოცდახუთი წლის ჰამიდ ბენ-გარდენი საფრანგეთში კუნძულ ჯებრადან მოხვდა. მან ტუნისი თებერვალში დატოვა. ლამპედუზამდე, იტალიურ კუნძულამდე, ნავით გაცურა და იქიდან მატარებლით იტალიის გავლით პარიზში ჩამოვიდა.

ჰამიდს ეგონა, რომ საფრანგეთი მას სამსახურის მოძებნამდე თავშესაფარს და საჭმელს მისცემდა. მაგრამ მას ლეგალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან არ ჰქონდა და ამიტომ სამუშაოც ვერ იპოვა.

ევროკავშირის ქვეყნები ბრიუსელში განიხილავენ, თუ რა უყონ ბენ გარდენისნაირ 25 ათასზე მეტ იმიგრანტს, რომლებიც არაბულ ქვეყნებში მომხდარი ამბოხებების შემდეგ ევროპას მიაწყდა. ევროკომისიის წარმომადგენლობამ სხდომაზე 26 წლის წინანდელი შენგენის შეთანხმების გამკაცრების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის 22 ქვეყანას, შვეიცარიას, ისლანდიას და ნორვეგიას შორის თავისუფალ, უპასპორტო მიმოსვლას ითვალისწინებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროსომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკელი იმიგრანტების პრობლემამ შენგენის შეთანხმების სისუსტეები კიდევ ერთხელ წამოწია წინ. თუმცა, საზღვრებზე დროებითი კონტროლის დაწესების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენგენის შეთანხმების დემონტაჟი ევროპისთვის სრული მარცხის ტოლფასი იქნებოდა.

მტკიცედ მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არამარტო დააანგრევს ყველაფერს, რასაც ევროპა უკანასკნელი 61 წლის მანძილზე აშენებდა, არამედ საძირკველშივე მოსპობს ერთიანი, ძლიერი და აყვავებული ევროპის მშენებლობის იდეას“.

შენგენის შეთანხმების გადახედვას საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, და იტალიის პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის, ერთობლივი წერილი უძღოდა წინ. ორი ქვეყნის ლიდერები შენგენის შეთანხმების გადახედვას ითხოვენ. იტალია და საფრანგეთი ჩრდილოეთ აფრიკული იმიგრაციის დარტყმას პირველები იღებენ.

პიერ ჰენრი, ფრანგული იმიგრაციის დახმარების ორგანიზაციიდან, აცხადებს, რომ აფრიკელი მიგრანტების დაახლოებით ნახევარი, რომელიც იტალიაში ხვდება, იქიდან საფრანგეთში გადადის.

ადარებს რა სიტუაციას ტუნისს, იგი აღნიშნავს, რომ იქ ლიბიელი ლტოლვილები თბილად მიიღეს და მათ თავშესაფარი მისცეს. საფრანგეთმა და ევროპის დანარჩენმა ქვეყნებმა კი მათ თავი პოლიციაში უკრეს. ევროპას ეს არ ეკადრება, ამბობს ბატონი ჰენრი.

ანელის ბალდაჩინი, იმიგრაციის ექსპერტი ორგანიზაციაში „Amnesty International” მას ეთანხმება და აცხადებს, რომ ევროპა უფრო სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი უნდა იყოს ტუნისიდან ჩამოსული ლტოლვილების მიმართ და თავიდან არ უნდა იცილებდეს მათ.

ვისურვებდით ევროკავშირმა სიტუაცია იმ ღირებულებებისადმი ერთგულებით მართოს, რომელიც მისი შექმნის საფუძველშივე იყო ჩადებული. ევროპამ ჰუმანიტარული მისიის თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და ლტოლვილების მინიმალური საჭიროება მაინც დააკმაყოფილოს“. - აღნიშნავს ის.

ჰუგო ბრეიდი ბრიუსელის ევროპის რეფორმის ცენტრიდან თვლის, რომ საფრანგეთის და იტალიის ლიდერთა ერთობლივი ინიციატივის სათავე სარკოზის და ბერლუსკონის ულტრა მემარჯვენე ანტი-იმიგრანტულ პარტიებთან პოლიტიკურ კავშირებში უნდა ვეძებოთ. იგი ახალ იდეას ძალზე სკეპტიკურად უყურებს და მის სიცოცხლისუნარიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ეს პროგრესის უკან გადახვევა იქნებოდა და ხალხი ამას არ დაუშვებს, განაცხადა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100