სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება ლაფანყურში - შსს-ს ახალი განცხადება და სპეცოპერაციის დეტალები

შსს-ს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნული ინფორმაციასთან ერთად, შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია თათბირი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. თათბირზე იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შს მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელში რჩება კრიმინალური პოლიცია, გაძლიერებულია პატრულირება. ლაფანყურის თავზე რამდენიმე ვერტმფრენიც პატრულირებს. მოსახლეობაში პანიკა არ არის. სოფლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს სამხედრო მანქანებმა. სოფლიდან გავიდნენ ასევე სასწრაფო დახმარების მანქანები, თუმცა, ცნობილი არ არის, გადაჰყავდათ თუ არა მათ დაჭრილები.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია ლაფანყურის ტყეში დაკარგული ხუთი ახალგაზრდის პოვნის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფის წევრებს ჰყავდათ გატაცებული. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ადგილსამყოფელს ადგილობრივებმა მიაგნეს, რომლებიც დაკარგულებს ეძებდნენ, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ ტყეში შეიარაღებული პირები იყვნენ, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. ამავე ვერსიის თანახმად, სპეცოპერაცია ლაფანყურში სწორედ გათავისუფლებულთა დაკითხვის შემდეგ დაიწყო.

დაღესტნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციის დაწყებიდან ორ დღეში იქ უკვე 20-ზე მეტი ბოევიკი და რუსი პოლიციელი დაიღუპა. რუსეთის ძალოვნების მტკიცებით, დაღესტანში, წუნტის რაიონში, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, ბოევიკთა ბანაკია აღმოჩენილი. ადგილზე კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა. ერთ-ერთი აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობით, რაიონში 300 ერთეული ჯავშანტექნიკა და 2500-ზე მეტი ქვეითი ჯარისკაცია მობილიზებული. გამორიცხული არ არის, რუსეთის მხრიდან დაწყებულ სწორედ ამ სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს საქართველოს შსს-ს სპეცოპერაცია, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100