სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი 100 ათასს სცილდება

გინეკოლოგიურ კლინიკა "გინეკას" გარშემო ატეხილმა სკანდალმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც დღემდე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და, ამავდროულად, მიჩქმალული თემაა.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შობადობის მზარდი მაჩვენებელია და დემოგრაფიული პრობლემები, ასე თუ ისე, პოზიტიური კუთხით იცვლება, აბორტებზე საუბარი თითქოს არააქტუალური გახდა.

თუმცა, რეალურად, სიტუაცია დუმილის საშუალებას არ იძლევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტატისტიკა ყველაზე მეტად იტყუება, თუმცა ამ არაზუსტი მონაცემებითაც კი, ის შედეგი, რომელიც გვაქვს, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის, დამაფიქრებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წელს ოფიციალურად 24 311 აბორტია დაფიქსირებული. თუმცა, ამ რიცხვს სამედიცინო წრეების წარმომადგენლები არ ენდობიან. სავარაუდოდ, რეალური მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ამ ციფრს და ზუსტი გაანგარიშებით 194 488-ს უდრის. შესაძლო ალბათობის გათვალისწინებით, ის 200 000-საც შეიძლება გაუტოლდეს.

რადგან კვლევა არ არის სრულყოფილი, რეალურ ციფრთან ერთად, მიზეზები და პრევენციის ხერხებიც ვერ დგინდება.

ქვეყანა მხოლოდ თავისი რესურსით მსგავსი კვლევის ჩატარებისგან თავს იკავებს, გაეროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ კი, მსგავსი კვლევა მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

მათ მიერ უკანასკნელი კვლევა 2005 წელს ჩატარდა და შესაბამისად, მომდევნო - 2011 წელს განხორციელდება.

კვლევაში ექვსი ათასზე მეტი ქალი მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით, 2002–2005 წლებში საქართველოში ყოველ 1000 ქალზე 104 აბორტი გაკეთდა. 2002–2004 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, ეს რიცხვი 14.8–ს შეადგენდა.

ასეთ განსხვავებას რეალურ და ოფიციალურ მაჩვენებლებს შორის არარეგისტრირებული აბორტების დიდი რაოდენობა იწვევს, რასაც განაპირობებს სამედიცინო საქმიანობის დაბალი კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ისეთი რისკების გაჩენას, როგორიცააა მზარდი ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებები საზოგადოებაში.

უკანასკნელი (2005 წლის) კვლევის თანახმად, საქართველოში რეპროდუქციული ასაკის (15–44 წელი) თითქმის ყოველი მეორე ქალი, სულ მცირე ერთ აბორტს იკეთებს. აბორტების ალბათობა კი ასაკთან ერთად იზრდება. აბორტების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (70 %) 35 წლის და უფროსი ასაკის ქალებზე მოდის. კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ოჯახის სასურველ სიდიდეს ახალგაზრდა ასაკში აღწევენ და შემდგომ წლებში არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევას აბორტების გზით ცდილობენ.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში აბორტი შეზღუდვების გარეშე ორსულობის 12–14 კვირის ვადამდე შეიძლება. 1999 კვლევის მიხედვით, მსოფლიოში აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა. იმ დროისთვის საქართველოში აბორტების რიცხვი ყოველ ათას ქალზე 125 იყო და ეს ციფრი ბევრად აღემატებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატისტიკას. მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასეთი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა: რუსეთი–80, სომხეთი–81, აზერბაიჯანი - 116.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100