სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დარჩით სახლში, გააკეთეთ ეს ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებსაც ძალა აღარ გვაქვს!“

ადამიანები მარტოობაში კვდებიან ისე, რომ ოჯახებს ვერ ემშვიდობებიან. გლოვის გარეშე, როგორც ცხოველები. ძაღლებიც კი უფრო დიდი პატივით მიდიან ამ ქვეყნიდან...

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისინი კვდებიან მარტოობაში, კვდებიან გონზე მყოფები, გვევედრებიან დავარეკინოთ შვილებთან და შვილიშვილებთან, რათა უკანასკნელი სიტყვები უთხრან, ციტირებს გამოცემა SKY News მილანელი ექიმის ფრანჩესკა კორტელაროს სიტყვებს.


იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 59 138 ადამიანს მიაღწია, განიკურნა 7 024, გარდაცვლილია 5 476 ადამიანი, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე პანდემიის ეპიცენტრში – ჩინეთში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო.

მილანის სან კარლო ბორომეოს საავადმყოფოს ექიმმა ფრანჩესკა კორტელარომ აღწერა, როგორ გამოიყურება „აპოკალიფსი დღეს“.


​„Covid-19-ით ინფიცირებულები საავადმყოფოში მარტონი შემოდიან, ოჯახის წევრებს თანხლების უფლება არ აქვთ... მათ იციან, როდის დგება უკანასკნელი საათი. ისინი თითქოს წყალში იხრჩობიან, მაგრამ გონებაზე რჩებიან — მათ აქვთ დრო ამის გასაცნობიერებლად.

ბოლო შემთხვევა ამ ღამით მქონდა — ბებიას შვილიშვილთან სურდა დალაპარაკება. ტელეფონი ამოვიღე და ვიდეოზარი გავუშვი. ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მალევე წავიდა.

ასეთი ზარების გრძელი სია მაქვს — გამოსათხოვარი ფურცელი დავარქვი“.


პროფესორი სტეფანო მუტინი, რეანიმაციის ხელმძღვანელი: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცუნამის გულში ვარ. და როგორც უნდა ვიბრძოლო, ვერ შევაჩერებ... ვგრძნობ, რომ სრული მარცხი განვიცადე“.

პროფესორი სტეფანო კარუგო: „ეს დროსთან შეჯიბრია. ეს სიზიფეს წყევლაა. ეს კოლოსალური ემოციური სტრესია...“

ადი ვაის-ფინკი, პარმის საავადმყოფოს ექიმი: „ისწავლეთ ჩვენ შეცდომებზე... როცა სკოლები დაკეტეს და შინ დარჩენა გვირჩიეს, ჩვენ, თითქოს არაფერი ხდებოდა, მაინც ძველებურად განვაგრძობდით ცხოვრებას – ვსეირნობდით, ვიცინოდით, ვერთობოდით და მნიშვნელობას არ ვანიჭებდით გაფრთხილებას.


და როგორი შედეგი გვაქვს? ორი კვირის შემდეგ სრული ბლოკადა გამოცხადდა. როცა საავადმყოფოებმა ინფიცირებულთა ნაკადს ვერ გაუძლეს, ადამიანები უკვე სახლებში იხოცებოდნენ — ახალგაზრდებიც.

ადამიანები მარტოობაში კვდებიან ისე, რომ ოჯახებს ვერ ემშვიდობებიან. გლოვის გარეშე, როგორც ცხოველები. ძაღლებიც კი უფრო დიდი პატივით მიდიან ამ ქვეყნიდან.

გევედრებით, დარჩით შინ! თქვენ აცრილები არ ხართ და შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ. შეცვალეთ ცხოვრების წესი — თქვენთვის თუ არა, თქვენი შვილებისთვის, მოხუცი მშობლებისთვის მაინც.

გააკეთეთ ეს ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებსაც ძალა აღარ აქვთ!“


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100