სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - სტრასბურგმა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 30 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევაც - ირკვევა, რომ რუსეთმა სასამართლოში შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები არ წარადგინა.

ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ.

უფლებადამცვალების თქმით, გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, თუ რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

ისტორიულ გადაწყვეტილებაზე პირველი შეფასება ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ გაავრცელა. მისი თქმით, სამართლებრივად დადასტურდა, რომ აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამუნა აბაზაძეს ამ ნდობისთვის ასევე ნინო ჯომარჯიძეს რომლის გარეშეც ვერაფერს გავხდებოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავს რომლებიც იძულებული იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები რაც ძალიან მძიმე იყო.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე არამედ მთელლი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.
მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!"- წერს ადვოკატი.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100