საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსისაარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსი
საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
„საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ამ დოკუმენტში ჩვენ ვაღიარეთ, გავითავისეთ და ვთანხმდებით, რომ დავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას, ასევე ვიქნებით მაღალი ეთიკისა და სტანდარტების მქონე როგორც ადმინისტრატორები, ისე დამკვირვებლები, იმისათვის რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თამარ ჟვანიას ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, კოდექსის შემუშავების მიზნით 30 ივნისს შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.
დღესვე დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის", „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი", „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი", „თავისუფალი არჩევანი“, „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი", „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის", „სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო", „სამართალი 2014", „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", „მწვანე კავკასია", „მომავლის ნათება", „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი", „ჯანმრთელი სამყარო", "საზოგადოებრივი დამცველი", „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი”.
სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.
კომენტარი