სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეიმს აპატურაი: „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება გადაწყვეტილი საკითხია“

„საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში უკვე გადაწყვეტილი საკითხია“, - ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომელიც ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიისწრაფვის ჩრდილოანტლანტიკური ალიანსში გაწევრიანებისკენ და ამ მიზნით ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილოს.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, აპატურაიმ განაცხადა, რომ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანების სურვილი არ გამოუთქვამთ. „რა თქმა უნდა, ჩვენ სიხარულით შევხვდებით ახალ წევრებს, მაგრამ არ ვეძებთ მათ. ჩვენ კარგი, პარტნიორული დამოკიდებულება გვაქვს სომხეთთან და აზრებაიჯანთან“, - აღნიშნა აპატურაიმ.

ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსი ამიერკავკასიის ყველა ქვეყანასთან მიმართებაში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს და არ განიხილავს რეგიონს, როგორც ერთ ელემენტს.

მისი თქმით, შესაძლოა, ნატო-მ ბევრ საკითხში დადებითი როლი შეასრულოს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, მათ შორის, თავდაცვის სფეროს რეფორმებში. მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100