Type 96 - ძირითადი საბრძოლო ტანკი
Type 96 არის ჩინური წარმოების, მეორე თაობის ძირითადი საბრძოლო ტანკების უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც წინანდელი მოდელის, Type 85-III-ის, მცირედი მოდიფიკაციის შედეგად შეიქმნა. Type 85-III ძირითადად საექსპორტო ბაზრისათვის იყო გათვლილი. Type 96-ს ასევე მოიხსენიებენ, როგორც Type 88C ან ZTZ96. ტანკი ჩინეთის სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის შეიარაღებაში 1997 წელს მიიღეს. მისი წარმოება 2005 წელს შეწყდა და წარმოების დაწყებიდან დასრულებამდე 1500 ერთეულზე მეტი ამ ტიპის ძირითდი საბრძოლო ტანკი აიგო ოფიციალურად. არაოფიციალურად კი, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარმოებული ტანკების რიცხვი 2 000-დან 2 500-მდე ერთეულის ფარგლებში მერყეობს. Type 96 ექსპორტზე ერთადერთ ქვეყანაში, სუდანში, გავიდა.
ძირითადი საბრძოლო ტანკი Type 96 შეიარაღებულია ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული, 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით. ქვემეხის დატენვას ავტომატური დამტენი სისტემა უზრუნველყოფს. ტანკის ქვემეხიცა და ავტომატური დამტენიც საბჭოთა T-72-იდან არის კოპირებული. ძირითადი საბრძოლო ტანკის საბრძოლო კომპლექტში შესაძლოა შედიოდეს საბჭოთა 9К119 Рефлекс-М-ის ტიპის („ნატოს“ კლასიფიკაციით AT-11 Sniper-ი) მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, ან მისი ჩინური ასლი. Рефлекс-М-ის გასროლა ტანკის ლულიდან, ჩვეულიბრივი ჭურვის მსგავსად ხდება. რაკეტის მასა 24 კილოგრამია, მისი მოქმედების მანძილი 100-დან 5000 მეტრამდე მერყეობს. მაქსიმალური, 5000 მეტრის ტოლი მანძილის დაფარვას რაკეტა 17 წამს ანდომებს. Type 96-ის მაქსიმალური სწრაფსროლა 6-8 გასროლაა წუთში. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება. ტანკზე დამონტაჟებულია ღამის ხედვის სისტემა. Type 96-ს მოძრავი სამიზნის დაზიანება მოძრაობის დროსაც შეუძლია.
ტანკის კოშკურა და კორპუსი კომპოზიტური ჯავშნითაა დაცული. კოშკურის ირგვლივ მეტალის ცხაურებია დამონტაჟებული. ამ ცხაურებს ორი დანიშნულება აქვს: ისინი ქმნიან დამატებით ადგილს, სადაც ეკიპაჟის წევრების ნივთებია განთავსებული. ხოლო ცხაურების მეორე და უმთავრესი დანიშნულება ტანკის დაცვაა. ისინი ერთგვარი დამატებითი დაცვის როლს ასრულებენ და საკმაოდ წარმატებითაც გამოიყენებიან ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ. კუმულაციური ჭურვის ან კუმულაციური ყუმბარის ცხაურზე მოხვედრისას მათი ამფეთქი მოქმედებაში მოდის და გატყორცნილი კუმულაციური ჭავლი ტანკის ძირითად ჯავშანს გაცილებით უფრო შესუსტებული სახით აღწევს.
ძალური დანადგარის სახით, ტანკზე წყლით გაგრილებადი 1000 ცხენისძალიანი დიზელის ძრავაა დაყენებული. ტანკის მასისა და წონის შეფარდება ტონაზე 24.1 ცხ.ძალას უდრის. ეს ძრავა ტანკს მაქსიმალურ 65 კმ/სთ-ის ტოლ სიჩქარეს ანიჭებს. ძრავა და ტრანსმისია ერთ მოდულშია გაერთიანებული, რაც აადვილებს მის ექსპლუატაციას. ძრავა-ტრანსმისიის შეცვლა საველე პირობებშიც კი 40 წუთშია შესაძლებელი. ტანკის სვლის მარაგი კარგ გზაზე დაახლოებით 400 კილომეტრს შეადგენს, ხოლო საწვავის დამატებითი ავზების დამონტაჟების შემთხვევაში სვლის მარაგი მნიშვნელოვნად, 600 კილომეტრამდე იზრდება.
Army.ge
კომენტარი