სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობებენ ნინა რომანაძის ახლობლები მკვლელობაში მისი მეუღლის ბრალეულობის შესახებ?

ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძისა და მისი 3 წლის გოგონას ნათესავები გამორიცხავენ, რომ დედა-შვილის მკვლელობაში მეუღლეს ოთარ მამფორიას რაიმე ბრალეულობა მიუძღოდეს.


რომანაძის ბიძაშვილის, ჯუბა ბერაძის განცხადებით, ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.


"გარდაცვალების არანაირი ვერსია არ გვაქვს. ვიდრე ჩემი ნათესავი არ ჩამოვა, რომელიც თბილისშია წასული, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიიდან გავიგეთ", - განაცხადა ბერაძემ.

კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილს მეუღლესთან, ბერაძემ აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი".

"ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მეუღლე სამსახურში იყო იმ დილით, 09:00 საათზე გავიდა ჩვეულებრივ. როგორც ნათესავი კი არა, როგორც ძმა, ვაცხადებ, რომ გამოვრიცხავ მისი მეუღლის ბრალეულობას. ნინა ჩემთან ერთად იზრდებოდა. დედ-მამა ადრეულ ასაკში დაშორდა ერთმანეთს და პატარა ბავშვი ერთი წლიდან ჩემთან იზრდებოდა. ის დასავით მყავდა და სიძეც ასევე ძალიან ახლობელია, ამიტომ მის ბრალეულობას გამოვრიცხავ", - განაცხადა ჯუბა ბერაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილ დედა-შვილს 27 თებერვალს, ქობულეთში დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში. ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს. გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100