სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის საწამლავთან შედარებას შეეწირა

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან გაჟონილი ხმების თანახმად, ოლიგარქმა გია ხუხაშვილი დაითხოვა. ამავე წყაროს თქმით, რიგში შემდეგი კარგა ხნის წინ წყალშეყენებული ეკა ბესელიაა. რაც შეეხება ხუხაშვილს, იგი „საქართველოს განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ კვლევებსა და „მაესტროს“ ეთერში გაკეთებულ ერთ მოუზომავ შედარებას შეეწირა. შედარებაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ორი სიტყვით იმ კვლევაზე, რომელიც გია ხუხაშვილის მეთაურობით ჩატარდა და რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გამოჩენის დღიდანვე ბიძინა ივანიშვილი მეორე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ცდილობს. მისი აზრით, მან უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც სააკაშვილის რეალურმა, საკმაოდ ძლიერმა კონკურენტმა, მაგრამ პირველ ეტაპზე გამოკვეთილ ამ კონკურენციას სულ უფრო და უფრო ეცლება დასაყრდენი - ხალხის მხარდაჭერა. ამას ხელს ბიძინა ივანიშვილის ოდიოზური განცხადებები უწყობს, ფსიქაოანალიზით დაწყებული და გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის „დავიბრუნოთ წარსული მომავლის ასაშენებლად“ ფრაზით დასრულებული.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა დღემდე არათუ მეორე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა და პოლიტიკური გუნდი წარედგინა. მომავალ პოლიტიკურ რეალობებთან დაკავშირებით მას ერთი პასუხი აქვს - არ ვიცი. მაგალითად, იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ კითხვაზე - როგორ? უკვე მესამე თვეა პასუხობს - არ ვიცი.

სამაგიეროდ, ეს იცის: „ინტელექტი ორი ნაწილისგან შედგება - გენეტიკა და წვრთნა. ამათ ნახნახევარი მივეცი“. - ეს კი პოლიტიკური ლიდერის იმიჯის შესაქმნელად და, მით უმეტეს, მეორე პოლიტიკური ცენტრის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის, დიდი-დიდი, ამისთვის მხოლოდ მეტსახელი: „ზიგმუნდ ივანიშვილი“ შეიძლება დაიმსახურო...

რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცოდა, რა სჭირდებოდა სერიოზული პოლიტიკოსის იმიჯისთვის - სააკაშვილთან მაქსიმალურად მიახლოებული რეიტინგი. ისიც კარგად იცოდა, რომ IRI კვლევების ჩატარებას აპირებდა და დაახლოებით იმასაც ხვდებოდა, როგორი იქნებოდა ამ კვლევის შედეგები. ამიტომაც, გია ხუხაშვილმა და კომპანიამ მოკლე გზავნილი: „იმუშავეთ!“ მიიღეს. ისინიც ამუშავდნენ და კვლევის შედეგები დადეს, რომელიც ერთხმად, ყოველგვარი კრიტიკისა და ეჭვის გარეშე მიიღეს ივანიშვილის მეხოტბეებმაც და გულწრფელმა მხარდამჭერებმაც. საოცარია, რომ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც წამყვან დასავლურ გაზეთებს და სოციოლოგიური კვლევის ცენტრებს ლამისაა, სააკაშვილის მოსყიდულად მიიჩნევს, არათუ ეჭვი, შეკითხვაც კი არ გასჩენია - რატომ უნდა ყოფილიყო სანდო ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კვლევა.

მაგრამ ივანიშვილმა ვერ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა - სააკაშვილთან მაქსიმალურად მიახლოებული რეიტინგი. გია ხუხაშვილმა დავალება პირნათლად შეასრულა - რაც შეიძლებოდა, ზემო ნიშნულზე ასწია ივანიშვილის რეიტინგი, მაგრამ ამაზე მეტი ვეღარ გაბედა - ჯერ ისედაც თეთრი ძაფით ნაკერი კვლევა უარესად იყვირებდა. ამიტომაც, გია ხუხაშვილი შეირისხა. დამატებითი დეტალები მხოლოდ ოლიგარქმა იცის, რომელსაც მართვის სტილად უთვლიან უცნაურ ახირებებს და ადამიანებთან მიმართებაში საკუთარი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობას: პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთი შეხედვით, უმიზეზოდ იგი თავისი გუნდის წევრს მოიძულებს და მერე სათოფეზე აღარ იკარებს ხოლმე. IRI-ს კვლევის შედეგებმა ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა, ამავე დროს, სხვაობა ხუხაშვილისა IRI-ს კვლევის შედეგებს შორის იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ რაღაც ზომების მიღება აუცილებელი გახდა და ივანიშვილიც, იმ ცნობილი მულტფილმისა არ იყოს, აბა, საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდა?.. ჰო და, შერისხულთა სიაში ხუხაშვილი მოხვდა, შემდეგი კი, სავარაუდოდ, ბესელია იქნება, რომელმაც, თურმე, ზედმეტად ილაპარაკა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დღეს ჟურნალისტებთან, იმის მიუხედავად, რომ გაფრთხილებული იყო - პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოო.

რაც შეეხება გია ხუხაშვილს, რომელიც ბიძინამდე მეორე პოლიტიკურ ცენტრად ალასანიას ჩამოყალიბებას ცდილობდა და არაფერი გამოუვიდა (მაშინ ხუხაშვილმა კვლევის შედეგები დადო, თითქოსდა თბილისის მერობის კანდიდატებში ალასანია რეიტინგით უგულავას უსწრებდა), შესაძლოა, მის მოძულებაში იმ მოუზომავმა განცხადებამაც ითამაშა დიდი როლი, რომელიც მან „მაესტროს“ ეთერში ოლიგარქზე საუბრის დროს გააკეთა. მაშინ ხუხაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, ივანიშვილი საწამლავს შეადარა:

„ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური პროდუქტი, კოკა-კოლა - ის საწამლავია“, - თქვა ხუხაშვილმა და შესაძლოა, ინანა კიდეც, მაგრამ თენგიზ გოგოტიშვილის თქმისა არ იყოს, სიტყვა მერცხალი არ არის, რომ ამოუშვა და მერე პინგვინს გადააყლაპო - უკვე ნათქვამი იყო და რომ არა ჟურნალისტი (რომელიც ამ შედარებით არანაკლებ შეშფოთებული ჩანდა), ხუხაშვილი ბრინჯივით დაიბნეოდა, მას-მედიელმა კი მაშინვე შეაშველა: კი, საწამლავია, მაგრამ ძალიან პოპულარულიო - ესეც ჩვენი ნაქები “ობიექტურობა“, რომელსაც, რასაკვირველია, ბიძინაზე გულ-მჯიღდარტყმულები ვერ ამჩნევენ...

ასეა თუ ისე, გია ხუხაშვილი პირველია მათგან, ვისაც ივანიშვილმა დიდი რუდუნებით მოუხმო თავისთან და მერე კი ასეთივე „რუდუნებით“ შერისხა. შერისხულთა რიგში მეორე, ასე თუ ისე, ცნობილია, მაგრამ უკვე დროა, შემდეგი კითხულობდეს: „უკაცრავად, ბოლო ვინ არის?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100