ვინ არის ცნობილი ტორტების მცხობელი ბელა?
“თბილისელებს ტორტის ჭამა მე დავაწყებინე” – ეს სიტყვები ბელა ქაძანაიას ეკუთვნის, შესაძლოა , ეს სახელი და გვარი ბევრისათვის უცნობია, მაგრამ “ბელას” ტორტები გასინჯული თუ არა, მისი არსებობის შესახებ ყველას სმენია. ბელა ქაძანაია პროფესიით ინჟინერია და ბიზნესი 90-იანი წლების დასაწყისში წამოიწყო. დღეს უკვე საკუთარი საკონდიტროთა ქსელი აქვს, რომელიც დამფუძნებლის სახელს “ბელა”-ს ატარებს.
თავდაპირველად , მხოლოდ ტორტის შეკვეთებს იღებდა სახლში და მიმდებარედ, სხვადასხვა მაღაზიებში აბარებდა. საკონდიტრო “ბელას” მენეჯერი ბექა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ, რამდენიმე ხანში გაიხსნა პირველი საცხობი და მაღაზია ფალიაშვილის ქუჩაზე, პროდუქციას კი ნამცხვები დაემატა. თუმცა, მისი თქმით, მომხმარებელი იმდენად გაიზარდა, რომ საცხობის გაფართოება და მაღაზიების რაოდენობის გაზრდა გახდა საჭირო.
ამჟამად , “ბელას” საკონდიტროს თბილისში 5 მაღაზია, ერთი დიდი და ერთი მინი საცხობი აქვს. საფირმო ტორტის გარდა, მზადდება შოკოლადისა და ხილის ტორტები. ღირებულება 35 ლარიდან იწყება და პროდუქტის მოცულობის მიხედვით იზრდება.
რაც თავიდან კარგია, ხშირად, მისი ხარისხი ნელ-ნელა ფუჭდება. ეს კვების პროდუქტების ბიზნესში , რატომღაც, დაუწერელ წესად იქცა. საკონდიტროში ამბობენ, რომ მაქისმალურად ცდილობენ ხარისხის შენარჩუნებაზე.
“ვცდილობთ, მუდმივად გავარკვიოთ რა არ მოეწონება ამა თუ იმ მომხმარებელს. შემდეგ კი ეს აუცილებლად გავითავლისწინოთ”,- ამბობს ბექა ბოჭორიშვილი.
დღეს, ამ ბიზნესში, ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა. ცალკეული მაღაზიებით დაწყებული, საკონდიტროების ქსელით დამთავრებული. მათ შორის, არის უცხოური კოპმანიებიც. ასეთი კონკურენციის პირობებში, საკონდიტრო “ბელა” ცდილობს მომხმარებელს მუდმივი სიახლეები შესთავაზოს, მთავარი აქცენტი კი ფასზე გააკეთოს.
“კონკურენცია მართლა დიდია. მაგალითად, ”დიფენბახის” პროდუქცია საკმაოდ ლამაზად, “მარციპანითაა” გაფორმებული, თუმცა, თითქმის ორი წელია გვყავს ორი დიზაინერი, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სახის გაფორმება გააკეთონ. ასევე დავიწყეთ “მარციპანის” ტექნოლოგიის გამოყენება. სხვასთან შედარებით, ჩვენთან დაბალი ფასებია. საბოლოოდ ფასი მაინც განმსაზღვრელია” ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.
საკონდიტრო “ბელას” რეკლამა არ არსებობს. ბექა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ არანაირი სარეკლამო კამპანია არ უწარმოებიათ. მათ შესახებ ინფორმაცია , ძირითადად , მომხმარებლის მიერ ვრცელდება. მისი თქმით, ვინც ერთხელ მიდის, შემდეგ მათი მუდმივი კლიენტი ხდება.
უახლოეს მომავალში მიტანის სერვისის, ასევე მაღაზიების დამატებას გეგმავენ. არ აქვთ საკუთარი ვებ გვერდი და გვერდი სოციალურ ქსელში, რაც საკონდიტრო “ბელას” ასევე სამომავლო გეგმებში შედის.
“წინსვლისთვის საჭიროა დაუღალავი შრომა. სწორედ ასე მიაღწია საკონდიტორს დამფუძნებელმა იმას, რაც დღეს გვაქვს. მართალია, ახლა თავად აღარ აცხობს, მაგრამ პირველი , დილის 6 საათზე მოდის და საცხობიდან ყველაზე გვიან მიდის. ცდილობს, ყველაფერს ზედამხედევლობა გაუწიოს. ურჩევნია , ფირმა ნელ-ნელა გაიზარდოს და მოკლე დროში ბევრი ფილიალი არ გახსნას , ბევრი სახეობის პროდუქცია არ გააკეთოს , მაგრამ ხარისხი შეინარჩუნოს”-ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.
კომენტარი