რა ცვლილებები იგეგმება სუროგაციით დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონში?
საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი, რომლის გენეტიკური მშობლების ქვეყნები მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს, დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციის მიზნით, შესაბამისი პუნქტი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ჩაიდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" სრულიად ახალი კანონპროექტი წარედგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები გადაიხედა.
პროექტით ერთ-ერთი სიახლე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მოქალაქეობის საკითხია. ამასთან დაკავშირებით კანონში იწერება, რომ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი, თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს. აღნიშნულ სიახლეზე იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია არსებული პრაქტიკით და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციას ემსახურება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა ძირითადად სისხლის პრინციპს ეფუძნება და საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს ბავშვს, რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ–ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. კანონის მოქმედი რედაქციით კი, ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება, დაბადების ადგილის მიუხედავად.
მოქმედი კანონით, ბავშვის მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადებისას ერთ–ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ითვლება, თუ საქართველოს მოქალაქე მშობელს საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი აქვს. ბავშვის მიერ დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, საქართველოს მოქალაქე მშობელთან მიმართებაში, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების პირობას აუქმებს.
გარდა ამისა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვი, რომლის ორივე მშობელი უცნობია, საწინააღმდეგოს დადგენამდე საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება. როგორც ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის მშობლები ცნობილია, თუმცა გაურკვეველია მათი მოქალაქეობრივი კუთვნილება. ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ფართოვდება და თუნდაც მშობელთა ვინაობის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათი განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისას, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება.
პროექტით შემოღებულია იმ ბავშვის საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრის რეგულაცია, რომლის ერთ–ერთი მშობელი მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე განუსაზღვრელი მოქალაქეობრივი კუთვნილებისაა. ამ შემთხვევაშიც, ბავშვი საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, თუკი ის საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ნოვაციებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით: დიფერენცირებულია სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები. კერძოდ, სრულწლოვანი პირის მოქალაქედ მისაღებად უცვლელად დარჩა პირობები - საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლიანი ცხოვრება, სახელმწიფო ენის და სამართლის საფუძვლების ცოდნა და სამუშაო ადგილის ან საწარმოში წილების ფლობა, ხოლო ბავშვმა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მისი ერთ–ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა და მას დაბადებით არ მოუპოვებია საქართველოს მოქალაქეობა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული მოქალაქეობის არმქონე და ლტოლვილის სტატუსის მქონე არასრულწოვანი პირის შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის პირობების გადამოწმების გარეშე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ ის საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობს.
სადღეისოდ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქეებად მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ტესტირების გათავისუფლების თაობაზე, რაც, როგორც იუსტიციის სამინისტროს განმარტავს, მრავალ პრაქტიკულ პრობლემას ქმნის. აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, კანონპროექტით ტესტირებისგან თავისუფლდებიან ქმედუუნარო პირები და პირები, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია ენისა და ისტორიის ცოდნის დონის შემოწმება.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას თავისუფლდება საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების ქონის, საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას გახორციელების ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის ვალდებულებისგან.
კომენტარი