ვარსკვლავების სიკვდილის ყველაზე უცნაური და პოპულარული ვერსიები - სინამდვილეში, რითი გარდაიცვალნენ ისინი?
5 აპრილი პოპულარული
მომღერლის, ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტის კურტ კობეინის გარდაცვალების დღეა. მუსიკოსის
ფანებს დღემდე არ სჯერათ, რომ მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა და კობეინის სიკვდილის
გარშემო სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.
გულშემატკივრების ნაწილი ღრმად არის დარწმუნებული იმაში,
რომ მუსიკოსის სიკვდილი მისი მეუღლის კორტნი ლავის ბრალია, რადგან, მათი აზრით, კობეინი
ვერ გაბედავდა საკუთარი თავის მიმართულებით ტყვიის სროლას.
გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ვარსკვლავების გარდაცვალება და სიკვდილის მიზეზები ფანებისთვის შკისმომგვრელი იყო, მათ შეთხზეს ახალი თეორიები, რომლითაც ცდილობენ ღირსება აღუდგინონ საკუთარ კუმირებს.
გთავაზობთ რამდენიმე ვარსკვლავის
გარდაცვალების რეალურ მიზეზებსა და გამოგონილ თეორიებს, რომლებიც იმაზე მეტად გავრცელდა,
ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული ვერსიები.
კურტ კობეინი
სიკვდილის ოფიციალური მიზეზი: 1994 წელს ჯგუფ „ნირვანას“ სოლისტმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. ცხედარი საკუთარი სახლის ორანჟერეაში იპოვნეს. მუსიკოსი 27 წლის იყო და სწორედ ამიტომ, ის „კლუბ 27“-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი გახდა.
გავრცელებული თეორიები:
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმეში ფინანსები
ერთვება. ამის გამო, კობეინის ფანებს მიაჩნიათ, რომ მათი კუმირი ყოფილმა ცოლმა,
მომღერალმა კორტნი ლავმა მოკლა, რადგან თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე წყვილი
ერთმანეთს დაშორდა და გაყრის შემდეგ კორტნის
ყოფილი ქმრის ქონებიდან არაფერი შეხვდა. კობეინის გარდაცვალების შემდეგ მისმა ყოფილმა
ცოლმა რამდენიმე მილიონი მიიღო, რადგან საერთო ქალიშვილი ჰყავდათ.
ყოფილი კერძო დეტექტივი ტომ გრანტი, რომელიც კორტნი
ლავმა კობეინის გარდაცვალებამდე დაიქირავა, ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი ყოფილი ქმრის
სიკვდილით იყო დაინტერესებული. გარემოებებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ იარაღზე, რომლითაც
„ნირვანას“ სოლისტმა თავი მოიკლა, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება (აქვე შეგახსენებთ
იმას, რომ ეს არაოფიციალური და გამოგონილი ისტორიებია).
მაიკლ ჯექსონი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: პოპ-მუსიკის მეფე 2009 წელს წამლის გადაჭარბებული დოზით
დაიღუპა. 25 ივნისის დილას ექიმმა კონრად მიურეიმ გაუკეთა პროპოფოლის ნემსი და გავიდა
ოთახიდან. ორი საათის შემდეგ დაბრუნდა მასთან და დაინახა გარდაცვლილი ჯექსონი, რომელსაც
თვალები და პირი ფართოდ ჰქონდა ღია. ხელოვნური სუნთქვისა და გულის მასაჟების გამოსაცოცხლებლად
მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - მომღერალი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.
გავრცელებული თეორიები:
მიუხედავად წარმატებული მუსიკალური კარიერისა, ჯექსონი სულაც არ გრძნობდა თავს ბედნიერად.
მას გამუდმებით დასდევდნენ პაპარაცები, წერდნენ სხვადასხვა სახის ჭორებს, აბრალებდნენ
პედოფილობას, ჰქონდა დიდი ვალი, ამიტომ ფანები დარწმუნებულები არიან, რომ მომღერალმა
სიკვდილის სცენა გაითამაშა, რათა ახალი ცხოვრება დაეწყო. ამ მოსაზრებას ამყარებს ის
გარემოება, რომ ჯექსონის სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან იმ დღის ამსახველი
კადრები წაშლილია, როდესაც მისი სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს, გარდაცვლილის ცხედარი
საზოგადოებას არ უნახავს, კუბო დახურულ მდგომარეობაში იყო და ექიმმა სასამართლოზე,
როგორც მოწმემ, ჩვენების მიცემა არ მოინდომა. ამბობენ იმასაც, რომ ჯექსონის სახლში
ნაპოვნია დღიური, რომელშიც მომღერალი გამოთქვამს სურვილს, სიკვდილი გაითამაშოს.
ჯიმი ჰენდრიქსი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი „კლუბ 27“-ის წევრია და ისიც,
სხვა ბავრი ვარსკვლავის მსგავსად, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ბარბიტურის
მჟავის (ფართოდ გავრცელებული საძილე საშუალება) დიდი დოზის მიღებაა, რომლის შემდეგაც
მუსიკოსი საკუთარ ნარწყევში გაიგუდა 1970 წელს.
გავრცელებული თეორიები:
ამბობენ, რომ ჰენრდიქსი საკუთარმა მენეჯერმა მაიკლ ჯეფერიმ მოკლა, რომელიც
სასმელში ტაბლეტებს უყრიდა. იმასაც ვარაუდობენ, რომ ჯეფრისთვის მკვდარი ჰენდრიქსი უფრო
ძვირად ფასობდა, ვიდრე ცოცხალი. საქმე იმაშია, რომ გარდაცვალებამდე გიტარისტს საკუთარი
მენეჯერის გამოცვლა სურდა.
არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც ჯიმი
ჰენდრიქსმა სსიკვდილის ინსცენირება მოაწყო, ამაში კი თავისი ტურნეს მენეჯერი ჯეიმს
რაიტი დაეხმარა, რომელიც მანამდე საგარეო დაზვერვის აგენტი იყო.
ემი უაინჰაუსი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: 2000-ანი წლების ყველაზე პოპულარული ბრიტანელი მომღერლის
ცხედარი ლონდონში, საკუთარ სახლში 2011 წელს იპოვნეს. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილის
მიზეზი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა იყო, თუმცა ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომღერალი
გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია. ისიც, ბევრის
მსგავსად, „კლუბ 27“-ის წევრია და 27 წლის ასაკში დაიღუპა.
გავრცელებული თეორიები:
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ბევრს სჯერა, რომ მომღერალი ილუმინატებმა მსხვერპლად შეწირეს. ამის დამადასტურებელ
მაგალითად მოაქვთ ის სკულპტურა, რომელიც ემის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე აჩუქეს.
სკულპტურაზე ამოტვიფრულია ფრაზა: „კარგი როკ-ვარსკვლავი მკვდარი როკ-ვარსკვლავია“.
ოფიციალური მიზეზი - ალკოჰოლი კი მხოლოდ შესანიღბად გაავრცელეს.
ჯონ ლენონი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: 1980 წელს ჯგუფ ”The Beatles“-ის ლეგენდარული წევრი
ჯონ ლენონი ერთ-ერთმა ფანმა მარკ ჩეპმენმა მოკლა. დილით მან თავისი კუმირისგან ავტოგრაფი
აიღო, ხოლო საღამოს თავისივე იარაღით ჩაუსაფრდა მომღერალს და ესროლა. ლენონი დიდი რაოდენობით
სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა, ჩეპმენს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ.
გავრცელებული თეორიები:
ლენონის სიკვდილის გარშემო არაერთი თეორია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მომღერალი
მწერალმა სტივენ კინგმა მოკლა - ამას კალიფორნიელი სტივ ლაიტფუტი ამტკიცებს. ეს მოსაზრება
მას შემდეგ დაებადა თავში, რაც იმ საბედისწერო დილით ავტოგრაფების დარიგების ამსახველი
ფოტოები ნახა, მკვლელი კი კინგს მიამსგავსა. ლაიტფუტის აზრით, კინგმა ლენონი ნიქსონისა
და რეიგანის ბრძანებით მოკლა.
მეორე თეორიის მიხედვით, ლენონის მკვლელობაში ამერიკის
დაზვერვის ხელი ურევია. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში
ამბობს შემდეგ ფრაზას: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მადლობა გადავუხადოთ
ამერიკის დაზვერვასა და არმიას, რადგან მათ შექმნეს ელესდე. მისი შექმნის მიზანი ხალხის
გაკონტროლება იყო, სინამდვილეში კი ელესდემ თავისუფლების შეგრძნება მოგვანიჭა“.
თეორიის მიხედვით, დაზვერვამ ეს სიტყვები ნარკოტიკის პროპაგანდად ჩაუთვალა მომღერალს,
ჩეპმენი დაიქირავეს ქილერად და გარკვეული შეთავაზებების სანაცვლოდ მოაკვლევინეს მომღერალი.
კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ჩეპმენი მკვლელობის მომენტში
საღ გონებაზე არ იყო და ის FBI-მ
დააპროგრამა. ამ დროს ბრძანებას ისე ასრულებდა, აზროვნების უნარი დაკარგული ჰქონდა.
გამოდის, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა ჩეპმენისგან სიკვდილის მანქანა შექმნეს - სასაცილოდ
ჟღერს, არა? თუმცა ამ თეორიებს ლენონის ფანები სრული სერიოზულობით ამტკიცებენ. ხოლო
კითხვაზე, რაში დასჭირდა ამერიკის სპეცსამსახურებს ლენონის მოკვლა, პასუხს მარტივად
სცემენ - პოლიტიკა. ფანები ირწმუნებიან, რომ რონალდ რეიგანი საბჭოთა კავშირთან ომის
წამოწყებას გეგმავდა, ლენონი კი ყოველთვის ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოირჩეოდა,
ამიტომ, მისი „მოშორება“ გახდა საჭირო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ომის წამოწყებისთანავე
ლენონი მრავალათასიან აქციას ჩაუდგებოდა სათავეში და არ არის გამორიცხული, რევოლუციაც
მომხდარიყო.
ელვის პრესლი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი 1977 წელს საკუთარ
სახლში იპოვნეს გარდაცვლილი. სიკვდილის მიზეზი დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი მედიკამენტების
მიღება გახდა, რომელსაც მომღერალი დასაძინებლად სვამდა. პრესლის გულმა ვეღარ გაუძლო
დიდ დოზას და მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა.
გავრცელებული თეორიები:
ელვის პრესლის ფანებს იმდენად არ სურდათ მისი სიკვდილის დაჯერება, რომ
შექმნეს ილუზიები, თითქოს მომღერალმა სიკვდილის ინცენირება გაითამაშა, რათა მომაბეზრებელი
თაყვანისმცემლებისგან თავი დაეღწია. ამის დამადასტურებლად იმასაც ამბობენ, რომ ცხედარი
არავის უნახავს, საფლავის ქვაზე სახელი არასწორად წერია, კუბოში სხვისი ცხედარი ესვენა,
სიცოცხლის დაზღვევა ოჯახს არ გადაეცა და ა.შ. ამას არ დასჯერდნენ და სიკვდილის შემდეგ
გაავრცელეს ხმები, თითქოს სხვადასვხა ადგილსა და ვითარებაში შენიღბული პრესლი დაინახეს.
ის ხან „ბურგერ კინგში“ მიირთმევდა საუზმეს და ხან ღამით ბარში სათვალეებით იჯდა.
სხვა ვერსიის მიხედვით, ელვის პრესლიმ სიკვდილის ინსცენირება
ნამდვილად მოაწყო, თუმცა არა თაყვანისმცემლებისგან თავის დასაღწევად, არამედ იმიტომ,
რომ ის ფედერალური აგენტი იყო. მომღერალი თეთრ სახლში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ნამდვილად
შეხვდა და ამის ამსახველი ფოტოც გავრცელდა, სწორედ მას შემდეგ საზოგადოების ნაწილს
ჰქონდა ეჭვი, რომ პრესლი საიდუმლო აგენტი იყო და სახელმწიფოს დავალებებს ასრულებდა.
მერლინ მონრო
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: 1950-ანი წლების ლეგენდარული მსახიობი და სექს-სიმბოლო
მერლინ მონრო 1962 წელს საკუთარ საძინებელში იპოვნეს გარდაცვლილი. სიკვდილის ოფიციალურ
მიზეზად საძილე საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობა დასახელდა. ექიმმა კი განაცხადა,
რომ ამ რაოდენობის საძილე აბების მიღებას მსახიობი მხოლოდ თვითმკვლელობის მიზნით თუ
გადაწყვეტდა.
გავრცელებული თეორიები:
არავისთვის არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ მერლინ მონროს ამერიკის იმჟამინდელ
პრეზიდენტთან ჯონ კენედისთან რომანი ჰქონდა. მას იმდენად უნდოდა პირველი ლედი გამხდარიყო,
რომ პრეზიდენტს მოსვენებას არ აძლევდა, გამუდმებით სწერდა წერილებს და ურეკავდა, კენედის
კი მის მიმართ სერიოზული განზრახვა არ ჰქონია, მხოლოდ ხანმოკლე რომანი სურდა. ამბობენ,
რომ მსახიობმა უამრავი სახელმწიფო საიდუმლო იცოდა და სპეცსამსახურებს არ სურდათ, რომ
კენედისთვის შურისძიების მიზნით ვინმესთან მოეყოლა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა მისი
თავიდან მოშორება. ამით სამსახური გაუწიეს როგორც ამერიკას, ისე პრეზიდენტს, რომელსაც
მონროს კლანჭებიდან თავის დაღწევა სურდა.
უიტნი ჰიუსტონი
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: 2012 წლის 11 თებერვალს მომღერლის ცხედარი ბევრლი ჰილსის
ერთ-ერთი სასტუმროს ნომრის აბაზანაში იპოვნეს. წსიკვდილის მიზეზი დაავადებულ გულზე
მიღებული კოკაინი გახდა, რამაც მისი გაჩერება გამოიწვია.
სიკვდილის ოფიციალური
მიზეზი: ყველამ იცოდა მომღერლის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება
და არც ის იყო საიდუმლო, რომ ჰიუსტონი ებრძოდა თავის მავნე ჩვევას. კერძო დეტექტივი
პოლ ჰებლი ამტკიცებს, რომ მომღერალი ნარკორეალიზატორებმა მოკლეს, რადგან უითნის მათი
15 მილიონი დოლარი მართებდა. არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომ ჰიუსტონის ნომერში ორი
მამაკაცი შევიდა, აქედან გამომდინარე, ეს ვარაუდი აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის.
როდესაც აბაზანაში გარდაცვლილი მომღერალი იპოვნეს, წყალი ჯერ კიდევ ძალიან ცხელი იყო,
ჰიუსტონი კი ახალ გარდაცვლილს სულაც არ ჰგავდა, ამიტომ ამ თეორიას არსებობის უფლება
ნამდვილად აქვს. თავდაპირველად, უიტნის მენეჯერიც გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მომღერალი
მოკლული იყო, თუმცა მალევე გაურკვეველი მიზეზების გამო თავისი სიტყვები უკან წაიღო.
კომენტარი