მიხეილ ხუბუტიას "რუსეთის ქართველთა კავშირს" პუტინის "საზოგადოებრივი სახალხო ფრონტის" წევრობა სურს
რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოხატავს სურვილს საზოგადოებრივ სახალხო ფრონტში გაწევრიანების შესახებ.
"ჩვენმა კავშირმა პრემიერ-მინისტრს ამ წინადადებით წერილი გაუგზავნა", _ განაცხადა ხუბუტიამ. ამ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს.
წერილში, რომლის ფრაგმენტებიც რუსეთში ქართველთა ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, ქართული დიასპორა მიიჩნევს, რომ სახალხო ფრონტი გახდება ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო "მოედანი" ქვეყანაში.
"საერთორუსული სახალხო ფრონტი იქნება არა მხოლოდ ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო მოედანი, არამედ ისეთი ძალა, რომელიც გააერთიანებს ერთ ძალად მრავალმილიონიან და მრავალეროვან რუსეთს და მისი მომავალი განვითარების გზა განსაზღვრავს",_ ნათქვამია წერილში.
ქართული დიასპორა გამოდის ინიციატივით, ერთიანი ფრონტის ფარგლებში საერთორუსული ნაციონალური საბჭო შეიქმნას, რომელიც "რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - ეროვნულ საკითხზე იქნება პასუხისმგებელი".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 6 მაისს გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ორგანიზაცია სახელწოდებით "საერთორუსული სახალხო ფრონტი", რომელიც, მისი თქმით, "გააერთიანებს ქვეყნის განვითარების მომხრეებს" საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ექსპერტთა შეფასებით, პუტინმა ამ განცხადებით საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო.
კომენტარი