ქარიშხალი “აირინი” აშშ-ში (განახლებადი+ვიდეო)
განახლებულია: 23.12სთ.
ქარიშხალი “აირინი” უკვე აბობოქრდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. იქ ქარის მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ს აღწევს. ქარიშხალთა მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემების მიხედვით, პირველი კატეგორიის ქარიშხალი უკვე ჩრდილოეთ კაროლინაშია. შეგახსენებთ, რომ შტორმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ქარიშხალი, რომელსაც ხუთბალიანი შკალიდან მეოთხე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, მოულოდნელად შესუსტდა და სპეციალისტებმა იგი საშიშროების მიხედვით პირველ კატეგორიაში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას მოუწოდა, სიტუაციას მთელი სერიოზულობით მიუდგნენ, “რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია”.ამ დროისთვის “აირინი” საათში 24 კმ/სთ-ს სიჩქარით ჩრდილო-დასავლეთით მიიწევს და მისი ეპიცენტრი მისა ლუკაუტიდან (ჩრდ.კაროლინას შტატი) 100 კმ–ში მდებარეობს.
“აირინის” გამო აშშ–ში უკვე გადაიდო 7.000–ზე მეტი ავიარეისი, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. ნიუ–იორკისა და ვაშინგტონის აეროპორტებიც რამდენიმე საათში დაიხურება, როგორც კი ქარიშხლის შემოტევის დრო მოახლოვდება.
პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შტორმის გავლენა და მისგან მიყენებული ზარალი, შესაძლოა, “განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახდეს” და ძვირად დაუჯდეს ქვეყანას, სადაც ჯერ კიდევ ყველას ახსოვს “კატრინი” 2005 წელს.
“აირინმა” რომელიც ატლანტის ოკეანეში წელს წარმოიქმნა, კარიბის ზღვის სანაპიროს უკვე გადაუარა და 1,1 მლრდ. დოლარის ზარალიც მიაყენა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს გადაწყვიტა, მარტას-ვინიარდის კუნძულებიდან დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაბრუნებულიყო და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურს, პირადად გაუწიოს კოორდინაცია ქარიშხლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს. ამასთან, პრეზიდენტის მეუღლე და შვილი ქვეყნის დედაქალაქში დღეს დაბრუნდებიან.
აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალურმა სააგენტომ უკვე მოიმარაგა ათეულ ათასობით სასმელი წყალი, საბნები და პლედები. წითელი ჯვრის წარმომადგენლები ამზადებენ თავშესაფრებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში.
წყალდიდობამ, რომელსაც ქარიშხალი “აირონი” გამოიწვევს, შესაძლოა, ევაკუაციის გზები მოუჭრას აშშ-ის აღმოსავლეთ ოკეანისპირეთის მოსახლეობას. ამის შესახებ ქარიშხლებზე დაკვირვების ნაციონალური ცენტრის დირექტორმა, ბილი რიდმა განაცხადა.
პროგნოზების მიხედვით, ზოგიერთ ადგილებში წყლის სიმაღლემ, შესაძლოა, ერთ მეტრს მიაღწიოს. რიდის განცხადებით, ეს სრულიად რეალურია ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებისთვის. - “ეს ნიშნავს, რომ წინასწარ დაგეგმილი ევაკუაციის გზები მოჭრილი იქნება”, - ამბობს რიდი.
აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა, ჯანეტ ნეპოლიტანომ, უპასუხა რა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადება სტიქიასთან დასახვედრად ხელისუფლება ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში - ნიუ-იორკში, აღნიშნა, რომ ძირითადად, “საშიშროება უკავშირდება მეტროპოლიტენის ხაზებს”.
“ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ქალაქის ხელისუფლება მიიღებს, ამის სემდეგ კი ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ მათ”, - თქვა მან და დაამატა, რომ ფედერალური სამსახურები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას ქვეყნის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.
თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, კრეიგ ფუგეიტმა დაამატა, რომ ზოგან, შესაძლოა, ელექტროენერგია გამოირთოს ერთი დღე-ღამის ან მეტი ხნის განმავლობაში.
“რაც უფრო შორს ცხოვრობთ თქვენ ქალაქიდან, მით უფრო მეტი შანსია, რომ ელექტროენერგია გაგეთიშოთ ერთი კვირით ან კიდევ უფრო მეტი ხნით”, - თქვა ფედერალურმა სახელმწიფო მოხელემ.
კომენტარი