„მიგ-29“-ის ერთ-ერთი დაღუპული მფრინავი 2008 წელს საქართველოს ბომბავდა
„მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავის ორი პილოტის ცხედარი ასტრახანთან მოსკოვის დროით დაახლოებით 19.00 საათზე იპოვეს. თვითმფრინავი რადარებიდან დაახლოებით 18 საათზე გაქრა ასტრახანის ოლქის ქალაქ ახტუბინსკიდან 43 კმ-ის დაშორებით.
„მიგ-29“ გამოსაცდელ ფრენას აწარმოებდა და მიმდინარეობდა მზადება ინდოეთში გამანადგურებელთა დამატებითი პარტიის გადასაცემად, რომლებიც საზღვაო სამხედრო ხომალდ „ადმირალ გორშკოვის“ შესაიარაღებლად იყო გათვალისწინებული. გამოცდა ტარდებოდა ჩკალოვის სახელობის სახელმწიფო საზაფხულო-საგამოცდო ცენტრში, ახტუბინსკში საბრძოლო მომზადების ფარგლებში „მიგ-29“.
როგორც ცნობილია, „მიგ“-ები წარმოადგენენ მრავალფუნქციურ, ნებისმიერი ამინდისთვის განკუთვნილ 4++ თაობის მანქანებს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში ისინი ნომინალურად გამოჩნდნენ - დღეისათვის წარმოებისთვის შეკვეთილი ყველა, თექვსმეტივე თვითმფრინავი ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვისაა განკუთვნილი. რუსეთს არა აქვს შეიარაღებაში ავიამზიდი, რომელზეც ეს თვითმფრინავი იქნებოდა საჭირო. ერთადერთი ვარიანტი ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ 2015 წელს „სუ 33“-ის შეცვლაა შედარებით იაფი „მიგ-29“-ებით.
ზოგადად, „მიგ-29“ რუს სამხედრო სპეციალისტებში არცთუ უდაფუძვლოდ ითვლება უიღბლო თვითმფრინავად. 25 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში, ორი თვითმფრინავი ააგეს, რის შემდეგაც პროექტი ოცი წლით დახურეს. ერთი თვითმფრინავი მალევე დაიმსხვრა, მეორე კი პერიოდულად ჩნდებოდა ავიასალონებში. პროექტის რეანიმაცია, ფაქტობრივად, იმიტომ მოხდა, რომ ინდოეთში ავიამზიდი „ადმირალი გორშკოვი“ გაეყიდათ.
ასტრახანის ოლქში გამანადგურებელ „მიგ-29“ კატასტროფის დროს დაიღუპნენ რუსეთის დამსახურებული მფრინავი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კრუჟილინი და პოლკოვნიკი ოლეგ სპიჩკა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, ორივე მაღალი კვალიფიკაციის, „ა“ კლასის პილოტი იყო.
და ბოლოს, დეტალი, რომელიც, პირველ რიგში მათ დააინტერესებთ, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში საკუთარი თვალით უნახავთ ის ადგილები, რომლებიც რუსული გამანადგურებლების მიერ იბომბებოდა: პილოტთაგან ერთ-ერთი, პოლკოვნიკი კრუჟილინი იმ ავადსახსენებელ დღეებში ის პილოტი იყო, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა. სამაგიეროდ, გარჯა კარგად დაუფასდა: იგი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა პირადად დააჯილდოვა სიმამაცის ორდენით.
კომენტარი