ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა უკვე უბრალოდ მაკულატურის ჩაბარებით შეგიძლიათ
“პაშა ბანკის” ინიციატივით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება. ის მიზნად ისახავს კომპანიების ჩართვას „ბიას“ და „თრიფექსის“ ერთობლივ კამპანიაში „აღადგინე“, რომელიც თავის მხრივ ემსახურება ბორჯომში 2008 წელს ომის დროს დამწვარი ტყის აღდგენას. პროექტის პარტნიორია „ტისუპეიპერი,“ რომელიც დაინტერესებული კომპანიებიდან უზრუნველყოფს მაკულატურის შეგროვებას და გადამუშავებას. შეგროვილი თითო კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ კი „ტისუპეიპერი“ 0.15 ლარს გადარიცხავს კამპანია „აღადგინეს“ ანგარიშზე. აკუმულირებული თანხა სრულად მოხმარდება ტყის ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას და მათ მოვლას 5 წლის განმავლობაში.
„ეს კამპანია პაშა ბანკის გარემოსდაცვითი CSR აქტივობების ერთგვარი გაგრძელებაა. კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი, წვლილი შეიტანონ ტყის აღდგენაში, ფაქტობრივად, სრულიად უდანახარჯოდ შეძლებენ ამის გაკეთებას. საკმარისია, უბრალოდ, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასცენ „ტისუპეიპერს“ გადასამუშავებლად. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული კამპანია ხელს შეუწყობს მაკულატურის შეგროვების და გადამუშავების კულტურის განვითარებასაც.
მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია-ს (ACAG) მხარდაჭერისთვის. ACAG-ის ორგანიზებით ტარდება PRINT კონკურსები, რომელთა ფარგლებშიც, წევრი სააგენტოების წარმომადგენლები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამა თუ იმ სოციალური თემატიკის ბეჭდური რეკლამის შექმნაში. სწორედ ისინი დაგვეხმარნენ კამპანიის საკომუნიკაციო იმიჯების დამზადებაში, რისთვისაც მონაწილე სარეკლამო კომპანიებს დიდ მადლობას ვუხდით და სხვებთან ერთად მათაც მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ მაკულატურის შეგროვებით ტყის აღდგენის კამპანიაში.“ - განაცხადა “პაშა ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
„მოხარული ვართ, რომ „აღადგინეს“ ფარგლებში ასეთი კამპანია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კომპანია ჩაერთოს ამ წამოწყებაში. უნდა ავღნიშნო, რომ ბორჯომის გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე უკვე დაირგო 35,000-მდე ხე, თუმცა, ტყის სრულად აღსადგენად 750 000 ხის დარგვაა საჭირო, შესაბამისად, კომპანიების მხრიდან მეტ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, “ბიას” პლატფორმის მეშვეობით საქართველოში მოქმედ 32,000-მდე კომპანიას მივაწვდინოთ ხმა, აღნიშნული პროექტის კომუნიკაციას ეფექტურად მოვახდენთ. დანარჩენი უკვე კომპანიის სურვილზეა დამოკიდებული, რომ უბრალოდ არ გადაყაროს ქაღალდი და შედეგად, მონაწილეობა მიიღოს ისეთ კეთილშობილურ საქმეში, როგორიც ბორჯომში 2008 წლის ომის დროს დამწვარი ტყის აღდგენაა.“ - განაცხადა “ბიას” დირექტორის მოადგილემ, სალომე კუკავამ.
„ტისუპეიპერი ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ჰიგიენურ ქაღალდს, როგორც ნედლეულის, ისე საბოლოო პროდუქციის სახით. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავამუშავოთ დიდი რაოდენობით ქაღალდი. მათ, ვინც დაგვიკავშირდება აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ მივაწვდით სპეციალურ ყუთებს ქაღალდის შესაგროვებლად, უზრუნველვყობთ მაკულატურის ტრანსპორტირებას და გადამუშავებასაც. თითო კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ კი 15 თეთრს გადავრიცხავთ ტყის სარეაბილიტაციოდ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩავიბაროთ როგორც დაშრედერებული, ისევე დაუშრედერებელი ქაღალდი და პასუხისმგებლები ვართ მის კონფიდენციალურობაზეც.“ - განაცხადა „ტისუპეიპერის“ კომერციულმა დირექტორმა ალექსი სტროგანოვმა.
მაკულატურის ჩაბარების მსურველებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანია „ტისუპეიპერს“ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 032 255 08 77; 577 05 42 83; 557 45 45 54 ან მიწერონ ელექტრონული წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]
კომენტარი