სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სამელების მარკირების პირობები მხოლოდ 2 თვით განსაზღვრა

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების მომსახურების საფასურს ქვეყნის ბიუჯეტი გადაიხდის. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მან გამოსავალი იპოვნა - ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის გადასახადი ფინანსური ტვირთი არ იქნება და ხარჯებს შემოსავლების სამსახური დაფარავს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახალი რეგულაცია ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. მინისტრმა ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით მარკირების ფასიც განსაზღვრა - 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გარეშე.

მეწარმეები აცხადებენ, რომ მარკირების მსგავს ნიშანდებას პროდუქციაზე თავადაც აკეთებენ და ნოდარ ხადურის მიერ მარკირების შემსრულებლისთვის დადგენილ ფასზე დაახლოებით 100-ჯერ იაფი უჯდებათ.

„საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. “ - ნათქვამია მეწარმეების პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.

ფინანსთა მინისტრმა 996 ბრძანების 112 მუხლს ორი -მე-13 და მე-14 პუნქტები დაამატა, სადაც რეგულაციის ვადები და ფასი განსაზღვრა:

მუხლი 13. 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).

მინისტრის დაზუსტებით, შემოსავლების სამსახური მომსახურების საფასურს მხოლოდ წლის ბოლომდე გადაიხდის. ხადურმა რატომღაც მხოლოდ 2 თვით განსაზღვრა პირობები. 2 თვის შემდეგ, ახალი წლიდან ვინ გადაიხდის მარკირების მომსახურების ფულს და რამდენს, გაურკვეველი რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100