სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სიყვარული გაქრა

ისევ ვუყვარვარ? როგორ გავიგოთ, გაიარა თუ არა სიყვარულმა? ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე „არსებობს სიყვარული თუ უკვე გაიარა“ საკმაოდ რთულია, მაშინაც კი, როდესაც საუბარია საკუთარ გრძნობებზე. სხვა ადამიანის გრძნობებზე რაღა უნდა ითქვას?!

თუმცა ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვითაა რთული. ფსიქოლოგებმა, დიდი ხანია, განსაზღვრეს სიყვარულის დასასრულის მომასწავებელი ცხრა ძირითადი ნიშანი:

1. ურთიერთშეხების არქონა

შეყვარებული ადამიანები ხშირად ეხებიან ერთიმეორეს. ზოგჯერ გარშემომყოფებს აღიზიანებთ კიდეც შეყვარებულების მსგავსი ქცევა. ხოლო ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ გული გაუცივდათ, ურთიერთშეხებას მაშინაც კი გაურბიან, როცა ერთ პატარა ბინაში ცხოვრობენ და ძალაუნებურად უწევთ ახლო კონტაქტი.

2. პარტნიორის მიმართ უპატივცემულობა

პარტნიორის მიმართ პატივისცემის დაკარგვა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს იმაში გამოიხატება, რომ — ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო მიზეზის გამო, ურთიერთობის გარკვევისას -პარტნიორები ურთიერთშეურაცხყოფაზე გადადიან, ცდილობენ, „წელს ქვემოთ დაარტყან“, რაც შეიძლება მტკივნეულად დაჭრან სიტყვით.

გარდა ამისა, პარტნიორები, რომლებმაც ურთიერთპატივისცემა დაკარგეს, მეუღლის ნებისმიერ მოქმედებას — გინდ მის პროფესიულ საქმიანობას, გინდ სახლში მუშაობას — უარყოფითად აღწერენ ან სასაცილოდ იგდებენ. ქმრები დასცინიან ცოლების კულინარულ შესაძლებლობებს, ქალები მასხრად იგდებენ ქმრის კარიერას.

3. წვრილმანებზე საყვედურები

განსხვავებით შეყვარებულებისაგან, რომლებიც მხოლოდ ვარდისფერ შუქში ხედავენ თავიანთი ოცნების საგანს, სიყვარულდაკარგულები არა მხოლოდ მშვნივრად ამჩნევენ თავიანთი მეწყვილის ნაკლს, არამედ იმ ცოდვებსაც მიაწერენ ადამიანს, რომლებიც არ გააჩნია. ამასთან „საყვარელი ადამიანის“ მიმართ საყვედურის საბაბი ხდება ყოველგვარი სისულელე: გაურეცხავი თეფში, საწოლის ქვეშ დატოვებული წინდები, გასაღები, რომელიც უადგილო ადგილას დააგდეს.

4. საყვარელი ადამიანისთვის რჩევის არკითხვა

თუ მეწყვილეები აღარ ეთათბირებიან ერთმანეთს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ეს უტყუარი ნიშანია, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. რასაკვირველია, ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობა, განსაკუთრებით, კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არა მეუღლის კარნახით, მაგრამ შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მოუყვება თავის მეორე ნახევარს იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. თუ არ მოუყვა, თუ რჩევა არ სთხოვა, მაშინ მორჩა — სიყვარული დასრულდა.

5. იუმორის გრძნობის დაკარგვა

ერთსა და იმავე ხუმრობებზე ერთად სიცილის უნარი სიყვარულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს და, პირიქით — თუ ადამიანს მსუბუქად ჩაცინებაც კი არ შეუძლია იმ ანეკდოტის პასუხად, სიცილით რომ კლავს თავის მეორე ნახევარს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რაღაც რიგზე ვეღარ არის. თუ ურთიერთობაში იკარგება იუმორი (არა — დაცინვა და გაქილიკება, სწორედაც რომ — იუმორი), მაშინ ცუდადაა საქმე.

6. თანაგრძნობის დაკარგვა

როდესაც სიყვარული ქრება, ქრება იმის უნარიც, რომ პარტნიორსს გულწრფელად თანაუგრძნო. ნაწილობრივ, თანაგრძნობის უნარი ნარჩუნდება, თუ საქმე ახლობელი ადამიანის ცხოვრების მართლაც საშინელ შემთხვევებს — სასიკვდილო ავადმყოფობას, ავიაკატასტროფას — ეხება; აი, ის უნარი კი — შეიცოდო მეუღლე, თუ ფეხები დაუსველდა ან გასაღებების საყვარელი ასხმულა დაკარგა — ქრება.

7. ღალატი

საკითხი, რამდენად მოწმობს ღალატი სასიყვარულო ურთიერთობის დასასრულს, საკმაოდ რთულია. ყველაფერი გარკვეულ ეპიზოდზეა დამოკიდებული. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, ღალატი წმინდა ფიზიკური სახის იყო თუ ფსიქოლოგიურისაც. ხშირად ქმარი, რომელმაც ცოლს უღალატა ქალთან, „ყოველთვის მზად რომ არის“, შეიძლება გაცილებით მეტ ნაზ გრძნობას განიცდიდეს მეუღლის მიმართ, ვიდრე ცოლი, რომელიც ფიზიკურად არ ღალატობს ქმარს, მაგრამ მის ნაცვლად საწოლში გამუდმებით ვინმე ალენ დელონს წარმოიდგენს.

8. საიმედოობის დაკარგვის შეგრძნება

შეყვარებული მეუღლეები არასოდეს ეჭვდებიან, რომ ერთმანეთისთვის საიმედო საყრდენს წარმოადგენენ. ქალი ყოველთვის გრძნობს თავის გვედით კაცის ძლიერ მხარს. კაცი ოჯახს აღიქვამს თავის ზურგად — ადგილად, სადაც ყოველთვის შეიძლება, უსიამოვნებასა და პრობლემებს დაემალოს, ადგილად, სადაც შეიბრალებენ. როდესაც სიყვარული გაივლის, დაცულობის შეგრძნებაც ქრება — მეუღლე მეტად აღარ აღიქმება ადამიანად, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია, დაყრდნო.

9. სექსუალური პრობლემები

თავისთავად სექსუალური პრობლემები, ისევე როგორც ღალატი, ჯერ კიდევ არაფერს მოწმობს. სასქესო ურთიერთობის პრობლემები შეიძლება როგორც ავადმყოფობებით, ისე სტრესებითაც აიხსნას. ამიტომ გრძნობის უქონლობას მოწმობს, არა იმდენად თვითონ პრობლემები, არამედ ის, სურთ თუ არა მეუღლეებს მათი მოგვარება.

საუკეთესო წყვილსაც კი, ცხოვრების განმავლობაში, ინტიმურ ურთიერთობებში პრობლემებთან შეჯახება შეიძლება მოუწიოს. განსხვავება ერთმანეთის მოყვარულ წყვილსა და მეუღლეებს შორის, რომელთაც, დიდი ხანია, ერთმანეთზე გული აუცრუვდათ, მხოლოდ ისაა, რომ სამაგალითო წყვილი მოინდომებს თავისი სექსუალური პრობლემების გადაჭრას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100