მერაბიშვილი: პროკურორმა დაადასტურა, რომ მოწმეები ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას არ ადასტურებენ
ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ექსპრემიერის განცხადება ვრცელდება, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
25 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
„დასაქმების საქმეზე“ ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მორიგი პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა:
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს მტკიცებულებები აუცილებელია იმისთვის, რომ დადგინდეს,
რომ ნამდვილად გაფლანგული იქნა ეს თანხა. რომ მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში და შესაბამისად ეს არის ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც შეეხება მომდევნო სხდომებს, ჩვენ წარმოვადგენთ, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ და დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალეულობას“.
ამ განცხადებით ქალბატონმა პროკურორმა დაადასტურა,
რომ დღემდე დაკითხული
100-ზე მეტი მოწმიდან, ჯერ-ჯერობით არც ერთი არ ადასტურებს ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას.
შესაბამისად, გაუგებარია თუ რას ემსახურებოდა ქუთაისის სასამართლოში აქამდე გამართული წარმოდგენები. აგრეთვე გასარკვევია, თუ კიდევ რამდენი ჩვენი აქტივისტის თუ რიგითი მოქალაქის ტყუილად დაკითხვას გეგმავს პროკურატურა დარჩენილი 3800-ზე მეტი მოწმიდან.
ქალბატონი პროკურორი გვპირდება, რომ მხოლოდ მომდევნო სხდომებიდან ბრალდება დაიწყებს იმ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს ბრალს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს არის პროკურატურის სიცრუის გაგრძელება და დროის გაყვანის მორიგი მცდელობა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მომდევნო, ვერც იმის შემდგომ და ვერც სხვა დარჩენილ პროცესებზე პროკურატურა ვერ შეძლებს რაიმე ღირებული მტკიცებულების წარმოდგენას,
მათი უბრალოდ არარსებობის გამო.
კომენტარი