სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტ იანუკოვიჩის ენობრივი ლაფსუსები - უკრაინელთა გართობის საგანი

როგორც ჩანს, ხელისუფლების სათავეში მოსვლას, მაინცდამაინც დიდი ინტელექტი და გონებრივი თვალსაწიერი არ სჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. იგი საკუთარ ქვეყანაში ცნობილია თავისი მწირი საერთო განათლებით, რაც მას ხელს არ უშლის საპრეზიდენტო მმართველობაში. სამაგიეროდ უხვად აძლევს საზრდოს დადარაჯებულ მასმედიას ახალი მარგალიტების გროვების პროცესში.

მისი უკანასკნელი ბრძნული გამონათქვამი უკავშირდება ამ კვირის ბოლოს, 12 ოქტომბერს ხერსონის ოლქში ვიზიტს, სადაც მან შეავსო თავისი კურიოზული გამოთქმების კოლექცია: საუბარი იყო პურის მოხმარებაზე და ბატონმა ვიქტორმა შეახსენა მასპინძლებს, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით პურის მესამედი ღამის საათებში იყიდება და „ამ დროს მაღაზიის მეპატრონე სთავაზობს მყიდველს ყავას, ნახევარფაბრიკატებს, ფუნთუშებსა და კურასანებს“.

ეს რომ იანუკოვიჩი არ ყოფილიყო, დიდი ტვინის ჭყლეტა დასჭირდებოდათ ჟურნალისტებს იმის გამოსაცნობად, რას ნიშნავდა „კურასანები“, მაგრამ პრეზიდენტის კონფუზებს ნაჩვევნი, უმალ მიხვდნენ, რომ მას „ფუნთუშებთან“ ერთად „კრუასანები“ უნდოდა რომ ეთქვა.

ხერსონელებისადმი მეტისმეტი რევერანსის მოწადინებით, იანუკოვიჩმა აეს-ების მშენებლობის გახსენებისას, ხმელნიცკის აეს-ის ნაცვლად ხერსონის აეს-ი ახსენა, სადაც დასაბამითგან ატომური ელექტროსადგური არ ყოფილა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ გახლდათ - უკრაინული ქალაქები ადრეც შეშლია ერთმანეთში და ოდესა დონეცკში არევია, კიროვოგრადში იყო და ჩერნიგოვში ეგონა თავი და ტელეეკრანიდან მიმართავდა კიროვოგრადელებს, როგორც ჩერნიგოველებს; მაგრამ ამას კიდევ არა უშავს - მთლად სახელმწიფო ირანი აერია ერთხელ ქიმიურ ელემენტ ურანში და ახსენა ხარკოვის ლაბორატორია, რომელიც მომავალში იმუშავებს „მცირედ გამდიდრებულ ირანზე“.

საიტ „memoid.ru“-ზე მოიცალეს და საგანგებოდ ჩამოაგვირისტეს უკრაინის პრეზიდენტის ლაფსუსები, რომლებიც ჟურნალისტების მაძიებელ თვალს არ გამოეპარა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებულად თავშესაქცევ მაგალითებს:

2004 წლის აგვისტოში იანუკოვიჩმა თქვა: „მე არ მჯერა ეგზიტპოლების. ეს თანამედროვე ტექნოლოგიაა, პირველად არის შემოღებული უკრაინაში და ჯერ არ ვიცით მათით მანიპულირება“.

იმავე წლის სიბრძნე: „მე მინდა გავაკეთო მოკლე რაკურსი უკრაინის ისტორიაში“.

2009 წლის მარტში: „ ვისთან, თუ არა რუსეთთან უნდა გავერთიანდეთ ეკონომიკური კრიზისისათვის საბრძოლველად“!

2010 წლის თებერვალში, პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა, წინასაარჩევნო მოგზაურობისას, ლვოველებს უწოდა „ქვეყნის საუკეთესო გენოციდი“, ხოლო, როდესაც უკნიდან შეუსწორეს, დასძინა: „და საუკეთესო გენოფონდი“.

2010 წელს სექტემბერში თქვა მედვედევთან დაკავშირებით: „ჩვენ, მე და დიმიტრი ანატოლევიჩმა მოვითათბირეთ, რომ ცუდზე არ ვილაპარაკოთ, სჯობს ვაკეთოთ“; ხოლო პირადი მიმართვისას იგი პატივცემულ ვლადიმერ ანატოლიევიჩად მოიხსენია.

2010 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების დროს განაცხადა: „გვეყოლებიან ზედამხედველები („დამკვირვებლების“ ნაცვლად) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“.

2012 წლის სექტემბერში ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტ კომოროვსკისთან, შექმნა ნეოლოგიზმი - „ტოტალირიზმი“ „ტოტალიტარიზმის“ ნაცვლად.

2010 წლის იანვარში იალტაში ჩეხოვის სახლ-მუზეუმის გახსნისას აღნიშნა, რომ ჩეხოვი შესანიშნავი პოეტია.

აქ მხოლოდ ის ფრაზები და გამოთქმებია მოტანილი, რომლებიც საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვისაც იოლად არის გასაგები, თორემ იმ ზღვა მასალით რომ იხალისოს მკითხველმა, რომელსაც საიტი ბეჭდავს, კარგად უნდა იყოს გარკვეული უკრაინულ ენაში, ამ ქვეყნის ისტორიაში და დღევანდელი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100