სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რუსეთი ისეთ დასაყრდენს ვერასოდეს იპოვის, რომ ძალადობრივი გადატრიალება მოხდეს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა ზვიად გამსახურდიას საფლავის ამოთხრა სცადეს, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
პრეზიდენტის მეუღლე, თავის დროზე, ცხედრის მთაწმინდიდან „კოლხურ კოშკში“ გადასვენებას მოითხოვდა. სასულიერო პირების თხოვნის შემდეგ, საფლავის ამოთხრა მანანა არჩვაძის მომხრეებმა შეწყვიტეს, თუმცა ბოლომდე არ გადაუფიქრებიათ. პრეზიდენტის ქვრივის არაქრისტიანული საქციელის გამართლება არც პარტია თავისუფლებას და მის ლიდერს, კონსტანტინე გამსახურდიას უცდია, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება.
„დრონი.ჯი“. პარტია თავისუფლების აღმასრულებელ მდივანს, მალხაზ გორგასლიძეს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.
„დრონი.ჯი“: მანანა არჩვაძე საქართველოს პრეზიდენტის საფლავს თხრიდა, თქვენ თუ დაინტერესდით რა იყო ამის მიზეზი და რამდენად ეთანხმებით პრეზიდენტის ქვრივის არაქრისტიანულ საქციელს?
მალხაზ გორგასლიძე: საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას მისმა შვილებმა და სრულიად საქართველომ ადგილი მთაწმინდაზე მიუჩინა თავისი სულიერი ძმის, მერაბ კოსტავას გვერდით, ასევე იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და ახლა რატომ გადაიფიქრა ქალბატონმა მანანამ პრეზიდენტის მთაწმინდიდან გადასვენება, გაუგებარია.
ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას საბოლოო განსასვენებლის შეცვლა მიზანშეუწონელია. ერთადერთი, რის გამოც დასაშვებია საფლავთან შეხება ეს არის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ჭეშმარიტი გარემოებების დადგენა, რაც შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნატარესობასთან, ილია მეორესთან და წმინდა სინოდთან.
- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის მუშაობა რა დონეზეა და არის თუ არა ხელისუფლებიდან ხელის შემშლელი ფაქტორები?
- როცა კომისია შეიქმნა, ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი. ხელისუფლება ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით. კომისიის მუშაობისას ძალიან საინტერესო და გაუხმაურებელი დეტალები გამოიკვეთა. ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე პარლამენტში კომისია არც შეიქმნებოდა და ასე წინ ვერც წაიწეოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სწორი მიდგომაა როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისითაც.
- ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გზა შევარდნაძემდეც მიდიოდა, ამ მხრივ შეიცვალა რამე?
- კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, რომ შევარდნაძეს შეეძლო გაეცა ბრძანება ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვააა და იმავდროულად არც არღვევს.
- რას იტყვით იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსეთში ხშირად ჩადიან, ხომ არ აპირებს პარტია თავისუფლებაც მიბაძოს ნოღაიდელს?
- მოხდა პოლიტიკური პარტიების რაფინირება. ეს მოსალოდნელიც იყო. რუსეთთან ურთიერთობა, რომ მოსაგვარებელია, ამაზე არავინ დაობს. ამისთვის არის მეთოდები და არიან პიროვნებები. ადამიანები, რომლებიც ახლა რუსეთში ასე ხშირად დადიან, ხელისუფლებაში ბალტინის ტანკების დახმარებით მოვიდნენ, ე.ი. ეს ხალხი რუსეთთან გარკვეულ ვალშიც არის. რუსეთი სიტუაციის მოგვარებაში კი არ დაგვეხმარება, არამედ სტატუსკვოს დააკანონებენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებულად არც მიიჩნევს, ასეთი ადამიანები კრემლში სტუმრობისას საქართველოს ინტერესებს ვერ დაიცავენ. ეს მარტივი ლოგიკაა.
მეორე ფაქტორიცაა. ერთმანეთის გვერდით იმ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ახლო წარსულში ერთმანეთს ისეთ შეფასებებს აძლევდნენ, რომ სამართლებრივად დასჯადია. ზოგს ვირთხას, ზოგს კი ბიუჯეტის ქურდს ეძახდნენ. ახლა ეს ხალხი გვიმტკიცებს, რომ რუსეთი კარგია. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ შეძლო, იმიტომ რომ ის საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც რუსეთთან პიროვნულ ვალში არ არიან.
- ვის გულისხმობთ, ვინ არის საქართველოში ის პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დალაგებას შეძლებს?
- ეს კონსტანტინე გამსახურდიაა. ის არის ზვიადის შვილი და მისი ცნობადობა შევარდნაძეს არ უკავშირდება. მას პოლიტიკური წარსული ნამდვილად სუფთა აქვს. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დროს რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა და ეს მათი კეთილი ნებითაც მოხდა.
- შეიძლება თუ არა, რომ პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გარეშე აწარმოებდნენ რუსეთთან მოლაპარაკებებს, თუნდაც ფრენების აღდგენაზე და რამდენად შეძლებენ ისინი ორ ქვეყანას შორის სიტუაციის გადატვირთვას?
- ქართველი ერის ნების გარეშე ასეთი სახის მოლაპარაკებები მიზანშეწონილი არაა. მითუმეტეს, დღესაც განვიცდით და თაობებს ახსოვს რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გემო. ზოგიერთ პოლიტიკოსს რუსეთში ერთი ჩასვლა ურჩევნია აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

- რომ დავაკონკრეტოთ, რას ემსახურება ქართველი პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების გახშირებული შეხვედრები რუსეთის ხელისუფლებასთან?
- რუსეთი ფულს იმაში იხდის, რომ პოლიტიკური დასაყრდენი იპოვოს საქართველოში. ამისთვის ეს დამპყრობელი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს. ეს შეკრული წრეა. ასე ხშირად იმიტომ დადიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ რუსეთის ხარჯზე.
- შეძლებს რუსეთი საქართველოში ისეთი დასაყრდენი იპოვოს, რომ ხელისუფლება შეცვალოს?
- საქართველოში რუსეთს გარკვეული დასაყრდენი აქვს. რუსეთი საქართველოში ისეთ დასაყრდენს ვერასოდეს იპოვის, რომ ძალადობრივი გადატრიალება მოხდეს. საზოგადოებაში არსებული განწყობა რუსოფილ პოლიტიკოსებს ამის საშუალებას არ მისცემს. ჯერ კიდევ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო და შორეული წარსულიც. ამას ასე ადვილად ვერც დავივიწყებთ და ვერც დავუშვებთ. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ ყველაფერი არ უნდა გაიღონ.
როგორც მახსოვს, მთელი ოპოზიციური სპექტრი წინააღმდეგი იყო ნოღაიდელთან ურთიერთობისა. ახლა კი ზოგიერთი გვერდს „უმშვენებს“. ეს პოლიტიკა არაა.
- გაზაფხულისთვის ოპოზიციის ნაწილი აქციებისთვის ემზადება, გამოვა ხალხი და საით წაიყვანს ოპოზიცია პროცესებს?
- ფაქტია, რომ საზოგადოებაში ოპოზიციისადმი ნიჰილიზმი ძალიან დიდია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თავის თავში უნდა ეძიოს პრობლემა. არა მგონია დღევანდელმა ოპოზიციამ ხალხის გამოყვანა შეძლოს. თუ ხელისუფლება არ დაუშვებს შეცდომებს, ვერ შეძლებენ. ადამიანებს, რომლებსაც ორი წლის წინ ხელისუფლებაში ვხედავდით, მათი კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას ცვლილებას არ ვეძახი, თუმცა მათ ამის მძაფრი სურვილი აქვთ. ოპოზიცია ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობასო, თუმცა არასდროს აუღიათ და მათი პასუხისგებაც, შეცდომების მიუხედავად, არც მომხდარა.
- არჩევნებიდან რა შედეგებს ელით და რამდენად სამართლიანად მუშაობს ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში ცესკო, ვგულისხმობ სიების გადამოწმებას და სხვა საკითხებს?
- სასიკეთო ძვრები ნამდვილად არის. სიების გადამოწმების დროც არის და საშუალებაც. ცესკო ყველანაირად ხელს გვიწყობს ოპოზიციას, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და ოპოზიციის ყველა მოთხოვნა შეასრულოს. ახლა ჯერი ჩვენზეა. ხელისუფლება ცესკო-სთან ერთად ოპოზიციასთან სამუშაოდ მზადაა. ბევრ საკითხზე ვთათბირობთ ერთად, ამიტომ კონსესუსსაც მივაღწევთ. თუ ამ რეჟიმში გაგრძელდა ცესკო-სთან მუშაობა, არჩევნების გაყალბებას თავიდან ავიცილებთ.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100