სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მალავს ოზურგეთის ოპოზიციონერი კანდიდატი საკუთარ ავტობიოგრაფიას?

ოზურგეთში მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებულია. კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგი სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი შოთა გოგიბერიძე _ ამ ორიდან ერთ-ერთი ქალაქის მერი გახდება.

ოზურგეთში, ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები, რომლებიც მერის პოსტისთვის იბრძოდნენ, აცხადებენ, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც მათ ემიჯნება, "ნაციონალური მოძრაობაა და ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებასთან' ალიანსში ადანაშაულებენ მათ.

ამასთან დაკავშირებით ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი აცხადებს:

"ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გავაკეთე კომენტარი, მაგრამ როგორც ვატყობ, აუცილებელია, კიდევ ერთხელ კარგად განვმარტო. მინდა გითხრათ, რომ დღეს ვითომ ოპოზიციონერი კანდიდატი გახლავთ შოთა გოგიბერიძე, რომელიც სულ ახლახანს იყო "ქართული ოცნების" მეხოტბე. ის გახლდათ "ფორუმის" თავმჯდომარე და ძალიან უნდოდა ოცნებას ის დაესახელებინა მერობის კანდიდატად. მაგრამ "ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება და სხვა კანდიდატი დაასახელა. შესაბამისად, გაბრაზებულზე, რადგან თავისი ამბიციები ვერ დაიკმაყოფილა, შოთა გოგიბერიძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა ირმა ინაშვილის პარტიაში.

"ქართული ოცნების" კანდიდატს ბეგი სიორიძეს იმაში სდებენ ბრალს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიზნესი ჰქონდა, რაზეც სიორიძე აცხადებს, რომ ის არც პარტიის წევრი ყოფილა არასდროს და არც რომელიმე პარტიას ემსახურებოდა:

"ჩემი ბიზნესი არავის ფულით არ მიკეთებია და არც ბიუჯეტში მიფათურებია როდესმე ხელი, პირიქით, ადამიანებს ვასაქმებდი და იქეთ შემქონდა ფული ბიუჯეტში. ჩემი ბიზნესი და იმ 300-მდე დასაქმებული ბედი, რომელიც ჩემთან მუშაობს, არასდროს უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე" _ აცხადებს ბეგი სიორიძე.

როგორც ირკვევა, ოპოზიციონერი კანდიდატი, შოთა გოგიბერიძე, წლების განმავლობაში თავად იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. თავად შოთა გოგიბერიძე ამბობს, რომ რომ პარტიასა და ხელისუფლებასთან კავშირი გაწყვიტა 2007 წელს და სამსახური დატოვა.

თუმცა, მიხეილ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში შოთა გოგიბერიძის განცხადება ან რაიმე დოკუმენტი "ნაცმოძრაობიდან" წასვლის შესახებ დღემდე არ დევს.

მიხეილ გოგოტიშვილი: " მე გეტყვით, რომ შოთა გოგიბერიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" შემოვიდა 2005 წელს. მაშინ მე გახლდით პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ძალიან კარგად მახსოვს მისი მიღება პარტიაში და საქმიანობა. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ მისთვის მიბარებული გვქონდა შტაბის და საარჩევნო კამპანიის ტრანსპორტის უზრუნველყოფა. იყო პარტიის აქტივისტი.

მისი წასვლის შესახებ ჩემთან არანაირი დოკუმენტაცია არ ინახება. მაშინდელ გუბერნატორთან უთანხმოება მოუვიდა. მე არ მინდა ამ დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ოზურგეთი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის."

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ შოთა გოგიბერიძე არც თავის საარჩევნო "ბუკლეტში" და არცერთ სატელევიზიო გამოსვლაში არასდროს ახსენებს მის რაიმე კავშირს ნაციონალურ მოძრაობასთან.

მიხეილ გოგოტიშვილი: "მე რომ მკითხოთ, შოთიკო გოგიბერიძის პარტიულ მოღვაწეობაში "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ არ გვახსენებს, რადგან მსგავსი ტიპის პოლიტიკოსებისგან დადებითად ხსენება ჩვენი პარტიისთვის მაინცდამაინც რეკომენდირებული არაა. მე ვფიქრობ, დღეს, შოთიკო გოგიბერიძემ პარტიების ყოველწლიური ცვლილებების შემდეგ, თავისი ადგილი როგორც იქნა, იპოვა და შეუერთდა იმ პრორუსულ ძალებს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტებზე, თუ რატომ გამოუშვეს ის სამსახურიდან. თუმცა, ოზურგეთი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. უახლესი წარსულიდან იმის თქმა შემიძლია, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბე შოთა გოგიბერიძე ერთი დღით ადრე გახდა ირმა ინაშვილის პარტიის მერობის კანდიდატი. დღეს აცხადებს, ოპოზიციონერი ვარო, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ის არ რის ოპოზიციონერი. შოთიკო პირად ამბიციებს აყოლილი პიროვნებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100