რუსეთში ყინვების დასრულებამდე გალის რაიონი დენს გამართულად ვერ მიიღებს
რუსეთში ყინვების დასრულებამდე გალის რაიონი ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს.
"ორი კვირაა, შუქი არ გვაქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტროენერგია მხოლოდ თითო საათით მოგვეწოდება. მიზეზად ტექტიკურ სამუშაოებს ასახელებდნენ, დღეს კი გვითხრეს, რომ სანამ რუსეთში ყინვები იქნება, უნდა მოვითმინოთ", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ და აქვე დასძინა, რომ რუსმა სამხედროებმა მოსახლეობას საკუთარი ელექტროენერგიის "ჩაზიარება" შესთავაზეს.
"თუ თითო ოჯახი თვეში 300-300 რუსულ რუბლს გადაიხდის, დენით სამხედრო ბაზებიდან მოგამარაგებთო", - დასძინა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს ელექტროენერგია პირდაპირ ენგურჰესიდან მიეწოდებათ, იმ ელექტროგადამცემი ხაზებით, რომელიც ახლახანს საგანგებოდ გაკეთდა და რომლითაც მოსახლეობას ელექტროენერგიის მომარაგებას ჰპირდებოდნენ.
კომენტარი