"მილანი" სკუდეტოს მოგებას ზეიმობს, იბრაჰიმოვიჩი კი მერვედ ჩემპიონობას
„რომასთან“ ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მეორე ადგილზე მყოფი „ინტერი“ ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ სამ ტურში „მილანს“ ვეღარ დაეწეოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „მილანმა“ სკუდეტო მოიგო.
„მილანის“ მცველს, ალესანდრო ნესტას მიაჩნია, რომ „მილანმა“ ეს გამარჯვება დაიმსახურა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 9 ქულით გადაუსწრეს „ინტერს“. მილანური დერბის ორივე შეხვედრა ამ სეზონში „მილანის“ გამარჯვებით დასრულდა.
„მილანი“ მთელის სეზონის განმავლობაში ლიდერობდა, ამიტომაც, ლოგიკურია, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენ სკუდეტო დავიმსახურეთ და ამაზე ქულებს შორის ის სხვაობაც მეტყველებს, რაც უახლოეს მდევართან გვაქვს. ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი“, - თქვა ნესტამ.
ჟურნალისტებმა ნესტას სთხოვეს, დაესახელებინა ფეხბურთელები, რომლებმაც, მისი აზრით, გადამწყვეტი როლი ითამაშეს „მილანის“ წარმატებაში. „ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა არიან“, - აღნიშნა „მილანის“ მცველმა.
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი დიდი ფეხბურთელია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მან ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონი გახდა „აიქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“ და „ბარსელონას“ შემადგენლობებში. გამარჯვებათა სერია ამ ფეხბურთელმა ამსტერდამის საფეხბურთო კლუბში, 2003/2004 წლების სეზონზე დაიწყო.
კომენტარი