ფრანგულმა „ფიგარომ“ მილიარდერ ივანიშვილის რუსულ ინტერესებზე მიანიშნა
ფრანგული „ფიგარო“ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილის პოლიტიკური მისწრაფებების შესახებ სტატიას აქვეყნებს და მის რუსულ ინტერესებზე მიანიშნებს. „მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მართვა სურს“ - ასე ჰქვია სტატიას, რომლის ავტორიც იზაბელ ლასერია.
გაზპრომის ყოვლისშემძლე აქციონერი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა 2013 წელს პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, - ნათქვამია სტატიაში.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ტორნადოსავით შეიჭრა. დაბრუნდა რა 2005 წელს რუსეთიდან, სადაც სიმდიდრე სსრკ-ს დაშლისთანავე მოაქუჩა, ივანიშვილმა გააცხადა სურვილი, გამხდარიყო „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის მეტოქე“, - წერს ავტორი. ლასერი წერს, რომ 27 მაისს ათეულ ათასობით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თბილისის ცენტრში მისი მოწოდებით მივიდა. სულ რამდენიმე თვეში 56 წლის მილიარდერმა შესძლო ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ეს შეუზღუდავი ფინანსური რესურსით მოახერხა.
ჟურნალისტი წერს, რომ ხელისუფლება ივანიშვილს ჩინოვნიკების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ავტორის თქმით, ივანიშვილი დააჯარიმეს 90 მილიონი დოლარით, რადგან თავისი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს უკანონოდ აფინანსებდა. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამოჩენა ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე მოსკოვის რეჟისორობითაა განპირობებული.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ როცა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რუსეთში თავისი აქტივები საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად გაეყიდა, ისინი პუტინთან დაახლოებულმა პირებმა შეისყიდეს.
ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაც მოსკოვთანაა დაკავშირებული. ივანიშვილს საქართველოს რუსეთთან დაახლოება აქვს დაგეგმილი, რადგან მილიარდერის აზრით, მხოლოდ ასე შეიძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საკითხის გადაწყვეტა.
ჟურნალისტს მოჰყავს ივანიშვილის ციტატაც: „2008 წელს საქართველომ დაიწყო წინასწარ განწირული ომი რუსეთთან, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. რუსეთის ულტიმატუმი გასაგებია: ნატო ან დაკარგული ტერიტორიები“, - აცხადებს მილიარდერი.
სტატიის ბოლოს ავტორი ხაზს უსვამს, რომ დროის მოცემულ მონაკვეთში ივანიშვილი გამოკითხვებში აგებს, მაგრამ ჟურნალისტი იქვე ამატებს, რომ მან თავისი რესურსის ხარჯვა მხოლოდ ახლახან დაიწყო.
კომენტარი