სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოექცნენ სინამდვილეში თუშები გეი–ტურისტებს ზაფხულში

„დრონი.ჯი“ ამ სტატიაში ერთ გახმაურებულ ამბავს უბრუნდება, რომელმაც ზაფხულში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სასტიკად მოექცნენ თუშები ომალოში ორ გეი–ტურისტს. ინფორმაციის წყაროდ „ინტერპრესმა“ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ მიუთითა. „ინტერპრესნიუსის“ მასალა ჩვენს პორტალზეც გამოქვეყნდა. ბუნებრივია, მას დიდი დაინტერესება მოჰყვა.

თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ სათაურში გამოტანილი „სცემეს, ხელ–ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს“ – გადაჭარბებული იყო, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდებოდა.

ზოგიერთმა ისიც კი ივარაუდა, რომ ფაქტი საერთოდ არ მომხდარა და მოგონილი იყო. „დრონი.ჯი“–მ ამ დაპირისპირების დეტალები უშუალოდ ფაქტის თვითმხილველთან გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ომალოში სექტემბრის დასაწყისში მართლაც იყვნენ გეი–ტურისტები, თუმცა, მათ სასტიკად არავინ მოპყრობია.

„დრონი ჯი“–ს რესპოდენტის ნაამბობიდან ასეთი სურათი იხატება:

ომალოში ბიჭები ქეიფობდნენ – ხეივანში ჰქონდათ სუფრა გაშლილი. როგორც ცნობილია, თუშები სტუმართმოყვარე ხალხია და როცა შუა ქეიფის დროს ხეივანში მომავალი ორი მამაკაცი–ტურისტი შეამჩნიეს, მიიპატიჟეს. ერთ–ერთმა ადგილობრივმა საყველპურო ინგლისური იცოდა და როცა ტურისტები დაინტერესდნენ, რა სადღეგრძელოს სვამდნენ, აუხსნეს, რომ თავყრილობის თამადა მეგობრობის სადღეგრძელოს ამბობდა. საერთოდ, იქ სუფრის გაშლა ორი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის იდეა იყო, რომლებმაც მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს, სასმისის გამოცლის შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვივნენ და გადაკოცნეს. სწორედ ამ დროს სუფრის ერთ–ერთი წევრი ტურისტებს უხსნიდა, რომ მეგობრობის სადღეგრძელო უნდა დაელიათ. „Very good!” – თქვეს ტურისტებმა, როცა ერთმანეთს ჩახუტებული თუშები დაინახეს და იმის ნიშნად, რომ სადღეგრძელოს შინაარსი კარგად გაიგეს, ერთი მეორეს მიუბრუნდა და ტუჩებში აკოცა, თანაც, ეს კოცნა ხანმოკლე ნამდვილად არ იყო. თავდაპირველად თუშები გაოგნდნენ. შესაძლოა, ამ კოცნას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყოლოდა, მაგრამ „თარჯიმანმა“ იმარჯვა, ტურისტებს ხელმკლავი გამოსდო, გვერდზე გაიყვანა და აუხსნა, რომ სადღეგრძელოს შინაარსი არასწორად გაიგეს. ამ დროს სუფრის წევრებიდან ერთი ტურისტებს ქართულად აგინებდა და მათკენ საცემრადაც მიიწევდა, მაგრამ დანარჩენებმა ამის უფლება არ მისცეს. შეშინებული ტურისტები, რომლებიც დროდადრო უკან იხედებოდნენ, თარჯიმანმა უსაფრთხო მანძილზე გააცილა და უკან მიბრუნდა. მართალია, „ადვოკატობისთვის“ მან სუფრის რამდენიმე წევრისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო, მაგრამ ტურისტებს უკან არავინ გამოდგომია და, შესაბამისად, არც უცემია, არც ხელ–ფეხი შეუკრავს და არც მდინარეში გადაუგდიათ – მათ თავიანთი მარშრუტი გააგრძელეს, თუშებმა კი – ქეიფი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100